მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
სოხუმის დრამატულმა თეატრმა სპექტაკლის - „ვთამაშობთ კაბუკის“ პრემიერა გამართა

6 აპრილს სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა, თეატრალურ ჯგუფ „ჯეოლაბთან“ ერთად, სპექტაკლის - „ვთამაშობთ კაბუკის“ პრემიერა გამართა. ეს არის მისტიკური კომედია, რომელიც მე-15 საუკუნის იაპონური პიესის „აბრეშუმის ფარანის“ მიხედვით დაიდგა. პიესა მოგვითხრობს ახალგაზრდა სამურაის - სინძაბუროსა და გოგონას - ოციუს მარადიულ სიყვარულზე. უცნაური აქ ისაა, რომ ოციუ ქალის აჩრდილია, თუმცა არც სინძაბურომ და არც მაყურებელმა ამის შესახებ სპექტაკლის ბოლომდე არაფერი იცის.

სპექტაკლის რეჟისორია დავით პაპავა, სცენოგრაფი და კოსტიუმების ავტორი – Molu, ქორეოგრაფი ნათია ბუნტური, ხოლო მუსიკალური გაფორმება ეკუთვნის დავით საყვარელიძეს.

პრემიერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა და იაპონიის საელჩოს კულტურის ატაშე რიოსეი სუგინაკა ესწრებოდნენ.

სპექტაკლში სოხუმის თეატრის დასის ახალი წევრების, საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის მედიაპროექტის "გოგონები აფხაზეთიდან" ბლოგერების - მილენა აჟიბასა და ნინო პაპავას დებიუტი შედგა.

იაპონურ ტრადიციულ თეატრ „კაბუკის“ ელემენტებზე აგებულ უჩვეულოდ ლამაზ სანახაობაზე დასწრება მაყურებელს სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე 7 და 8 აპრილსაც შეუძლია.