მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
ანსამბლებმა - „აფხაზეთმა“ და „შავნაბადამ“ ბაქოსა და ლუიზიანაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, კონცერტები გამართეს

26 მაისს, საქართველოს ეროვნული დღესასწაულის - დამოუკიდებლის დღის აღსანიშნავად, საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა ქ. ბაქოს ღირსშესანიშნავი სიმბოლოს - „ჰეიდარ ალიევის ცენტრის“ შენობა. საქართველოს სახელმწიფო დროშის ფონზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „აფხაზეთმა“ საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულა.

გარდა ამისა, ანსამბლი „აფხაზეთი“ ქ. ბაქოში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გამართულ საზეიმო მიღებაზე, კულტურული პროგრამის ფარგლებში, დამსწრე საზოგადოების წინაშე საინტერესო პროგრამით წარსდგა.

30 მაისს, დანიაში, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე, აქ წარმოდგენილი ნიკო ფიროსმანის გამოფენის ფონზე, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლმა „შავნაბადამ“ კონცერტი გამართა.

ანსამბლ „შავნაბადას“ მიერ შესრულებულმა ქართული მრავალხმიანი პოლიფონიის შედევრებმა, საგალობლებმა და ინსტრუმენტულმა მუსიკამ დამსწრეთა დიდი მოწონება და ოვაციები დაიმსახურა.

ნიკო ფიროსმანის გამოფენა და ქართული ფოლკლორი ერთად - ეს არის გზავნილი, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენის, ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებისა და ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების გზაზე.