მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამარჯვებული და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ თანადაფინანსებული საგრანტო პროექტის: „ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ და დევნილ ახალგაზრდებში" ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ საჯარო ლექცია წაიკითხა.

ლექცია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოზარდებისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში არსებული სტუდენტური კლუბის - „ახალი თაობის ხიდის“ წევრებისთვის ჩატარდა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების უფლების დარღვევებსა და აღნიშნული ფაქტების აღმოფხვრის შესაძლებლობებს შეეხებოდა.

მინისტრმა აღნიშნული მიმართულებით სამინისტროს საქმიანობაზე, დაგეგმილ პროექტებსა და სამომავლო ხედვებზე ისაუბრა, მან ასევე შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მრჩეველმა სოფიო დემეტრაშვილმა ჩაატარა ტრენინგი თემაზე „ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები“.

ნანა გაბელიას, პროექტის - "ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ და დევნილ ახალგაზრდებში" განსაკუთრებული და აქტიური მხარდაჭერისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით მადლობის სიგელი გადაეცა.

პროექტის მონაწილე მოზარდებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა, კახაბერ კორძაიამ სერტიფიკატები გადასცა. ასევე, ახალგაზრდებისთვის გაიმართა ისტორიულ-შემეცნებითი ტური ძველ თბილისში.

ღონისძიება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს აქტიური ჩართულობით განხორციელდა.