მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
დავით მორგოშიამ ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამართული „აფხაზური ეზო"-ს ღონისძიების სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა

„თბილისობის“ დღესასწაულის ფარგლებში,  ეთნოგრაფიულ მუზეუმში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, „აფხაზური ეზო“ მოეწყო.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ მიმართა. მან სტუმრებს მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის და ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„აფხაზურ ეზოში“ წარმოდგენილი იყო აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქცია, ეთნოგრაფიული დეკორისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ღვინისა და ტრადიციული კერძების დეგუსტაცია და სოხუმურად ქვიშაზე მომზადებული ყავა.

ასევე მოეწყო ტრადიციული სამოსის, აფხაზეთის თემატიკის ფოტოების და ბეჭდური გამოცემების გამოფენა, კალიგრაფიის მასტერკლასი.

ბოლოს სტუმრების წინაშე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“, მასთან არსებული ბავშვთა ანსამბლი „ოტობაია“ და გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი „გუმბათი“ აფხაზური და ქართული სიმღერებითა და ცეკვებით წარდგნენ.