მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
აფხაზეთის ხელოვანები ჰოლანდიელ ოსკაროსან პროდიუსერს სილია ვან დაიკს შეხვდნენ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს არტ გალერეაში   აფხაზეთის  შემოქმედებითი წრეების წარმომადგენლები ჰოლანდიელ პროდიუსერს, ამერიკის კინო აკადემიის უმაღლესი ჯილდოს„ ოსკარის“ მფლობელ ქალბატონ სილია ვანდაიკს შეხვდნენ.

შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და ნიდერლანდებში ქართული დიასპორის წარმომადგენლის, პროდიუსერ დალი უბილავა-დე გრააფის პროექტის „ოსკარი გადაეცემა - სილია ვან დაიკის ვორქშოფების“ფარგლებში შედგა. აქვე ჰოლანდიური ანიმაციური ფილმების რეტროსპექტივა გაიმართა.
 
შეხვედრას აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებიესწრებოდნენ.

შეხვედრას უძღვებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, რომელმაც სტუმარს  შესთავაზა სიურპრიზი- აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მიერ შესრულებული ქართული ხალხური სიმღერები, რამაც ოსკაროსანი ქალბატონის აღფრთოვანება გამოიწვია.

სილია ვანდაიკი 1978 წლიდან ჰოლანდიური ანიმაციის ასოციაციის საბჭოს წევრია. მან დააარსა ანიმაციური ფილმების სადისტრიბუციო სააგენტო„ ანიმირებული ადამიანები“ (“Animated People”), რომლის კოლექციაშიც 10 წელიწადში 400-მდე ანიმაციური ფილმი დაგროვდა. სილია ვანდაიკს„ ოსკარი“ ანიმაციური ფილმისთვის „ანა და ბელა“გადაეცა. გარდა ამისა, მის  პორტფოლიოს ამშვენებს მრავალი წარმატებული ფილმის წარმოება და ისეთი უმღლესი ჯილდოები, როგორიცაა საფრანგეთის კინო აკადემიის სახელმწიფო პრემია,  ორი „ოქროს დათვი“,  „ოქროს ხბო“ და სხვ.

პროექტი „ოსკარი გადაეცემა... -  სილია ვანდაიკის ვორკშოფები“ჰოლანდიური ფონდი„ არტექოს“ მესამე პროექტია საქართველოში. ფონდი აფხაზეთის მკვიდრმა, პროდიუსერმა დალი უბილავა-დე გრააფმა ჰოლანდიელ მეგობრებთან ერთად ჩამოაყალიბა და მან ჰოლანდიაში უკვე ქართულ ფესტივალ „იბერიას“, აფხაზეთის მხატვრებს და სხვ. უმასპინძლა.  ახლახან დალი უბილავა ქართული კულტურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციისათვის„ წარმატებული ემიგრანტი ქალის“ სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.