მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
კანდიდ თარბა აფხაზებთან ერთად ქართველებმაც დაკარგეს

კანდიდ თარბა წლების განმავლობაში ძმასთან ერთად  ლეგენდარული„სუხიშვილების“ანსამბლის სოლისტი იყო. სწორედ სუხიშვილების ანსამბლში ჩამოყალიბდა ის ამ დარგის ვარსკვლავად, ამის  შემდეგ გახდა  აფხაზეთის ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფი. 1990 წელს კი კანდიდ თარბამ შექმნა ხალხური ცეკვის ანსამბლი „კავკასია“, რომელმაც თავისი საშემსრულებლო კულტურით მეტი მრავალფეროვნება შესძინა  ძველ, მაგრამ მარად ახალგაზრდა ხელოვნებას.

კანდიდ თარბა ოჩამჩირელი თარბების წრიდან იყო, იმ ტრადიციებით შთაგონებული თარბების წრიდან, რომლებზეც პოეტი შოთა ნიშნიანიძე წერდა:
„ჩემი მორდუ აფხაზეთში იზრდებოდა თარბებთან“...
„აფხაზურ-მეგრული“ ტრადიციებით გაზრდილი კანდიდ თარბაც მთელი ცხოვრება ორივე ხალხის ერთგული დარჩა.  აფხაზეთის ტრაგედიის შემდეგაც  მასთან შეხვედრას ენით აუწერლად ემოციურს უწოდებდნენ მისი სოხუმელი ქართველი მეგობრები,  კანდიდ თარბას არა თუ განელებოდა მათი სიყვარული, არამედ გამძაფრებოდა კიდეც. ის იყო აფხაზებსა და ქართველებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენაზე არა მხოლოდ მეოცნებე, არამედ მზრუნველიც: სოხუმში აფხაზ მოზარდებს ქართულ ცეკვებს ასწავლიდა და ქართული კულტურის თანაზიარს ხდიდა, რითაც შესაძლოა ქართველებთან გაუცხოების „მითის“  დამსხვრევას ცდილობდა.    

კანდიდ თარბას უყვარდა ენგურს გამოღმა საქართველოც და ომის მერეც თამამად გადმოდიოდა გამოღმა, რადგან ქართველი მეგობრებისთვის თვალის გასწორების არ ერიდებოდა.ბევრს ეიმედებოდა, რომ სწორედ მისნაირ დიდ ადამიანებზე დაყრდნობით შეიძლებოდა აფხაზებთან  ურთიერთობის აღდგენა.

ამიტომაც კანდიდ თარბა აფხაზებთან ერთად ქართველებმაც დაკარგეს. ამიერიდან ის ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენის იმედსაც დააკლდება