მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
აფხაზეთის ა/რ მთავრობამ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო

9 მაისს  ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი  აღინიშნა. 1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი ომი იყო კაცობრიობის ისტორიაში. 

აფხაზეთის ა/რ მთავრობამ ამ დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო და 9 მაისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მემორიალთან მივიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.

"სამწუხაროა, რომ ყოველ წელს მცირდება გმირ ვეტერანთა რიცხვი, ვინც მსოფლიოს ფაშიზმზე დიადი გამარჯვება მოუტანა. ფასდაუდებელია ამ ადამიანთა გმირობა და თავდადება. აუნაზღაურებელია ის მსხვერპლი, რომელიც საქართველომ დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად გაიღო ფაშიზმზე გამარჯვებისთვის.

მინდა აფხაზეთის მთავრობის სახელით გამარჯვების დღე მივულოცო და დღეგრძელობა ვუსურვო ჩვენს ვეტერანებს. სამარადისო ხსოვნა მათ, ვინც სიცოცხლე გასწირა მშვიდობისა და მომავლისთვის და იმათ ვინც, სამწუხაროდ, დღეს ჩვენს შორის უკვე აღარ არის. სამარადისო ხსოვნა მათ.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ყოველ ჩვენგანს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.