მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
კულტურულ-საგანმანათლებლო საველე ბანაკში მონაწილეობის მსურველ მოსწავლეთა საყურადღებოდ!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახური 2016 წლის 17 აგვისტოდან, 5 დღის ხანგრძლივობით, აწყობს კულტურულ-საგანმანათლებლო საველე ბანაკს გორის რაიონში. კერძოდ კი, ატენის ხეობაში, მდინარე ტანას მახლობლად მოეწყობა კარვების ქალაქი, რომელშიც განთავსდება აფხაზეთიდან დევნილი 40 მოსწავლე. პროექტის ფარგლებში მათთვის განხორციელდება როგორც შემეცნებითი, აგრეთვე სპორტულ-გასართობი შინაარსის მრავალმხრივი აქტივობები, რომელთაც უზრუნველყოფენ ახალგაზრდული ორგანიზაცია ,,კოდის სათემო განათლების ცენტრის“ წარმომადგენლები.

მოეწყობა ლაშქრობები იმავე ხეობაში არსებულ ისტორიულ ძეგლებზე, რომელთა მაგალითზეც ბანაკის მონაწილეები შეისწავლიან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დათარიღებისა და მახასიათებლების აღქმის მეთოდებს. შემდეგ თითოეული ახალგაზრდა მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით ამა თუ იმ ძეგლზე გააკეთებს მისეულ დასკვნას.

მოზარდები უზრუნველყოფილნი იქნებიან კვებით, საძილე ტომრებით, ე. წ. პარალონებით და კარვებით. ბანაკში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსს ირაკლი გელენავას - ტელეფონის ნომერზე - (+995) 577 09 22 21. 

მონაწილეთა შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ ომის ვეტერანთა, სოციალურად დაუცველთა, მრავალშვილიანთა და კომპაქტურად ჩასახლებულთა ოჯახების შვილებს.