მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
აფხაზეთის საგუნდო კაპელას სამხატვრო ხელმძღვანელს და მის წევრებს აფხაზეთის მთავრობის მადლობის სიგელები გადაეცათ

გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის საგუნდო კაპელას სამხატვრო ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძე და კაპელას წევრები „წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობისა და ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.


მადლობის სიგელები კაპელას წევრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა გადასცა და აღნიშნა: „აფხაზეთის საგუნდო კაპელა, რომელსაც ჰქვია გურამ ყურაშვილის სახელი და რომელსაც უკვე მსოფლიო იცნობს, ამას თამამად ვამბობ, არის აფხაზეთის მთავრობის, მთლიანდ აფხაზეთის საზოგადოების დიდი სიამაყე. ეს, ცხადია, გურამ ყურაშვილის დამსახურებაა, მაგრამ მისი ამქვეყნიდან წასვლის შემდეგ, კაპელას ისევ ღირსეული პიროვნება, გამორჩეული დირიჟორი ზვიად ბოლქვაძე ჩაუდგა სათავეში“.


„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და ამასთანავე პასუხისმგებლობა ამ კაპელის სამხატვრო ხელმძღვანლად ყოფნა. ვფიქრობ, მომავალშიც ძალიან ბევრი კარგი სიახლით გაგახარებთ, რითაც დარწმუნებლი ვარ, ბატონი გურამის სულიც იხარებს. კაპელას აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომ საქართველოს სახელი კიდევ უფრო შორს გაიტანოს. შევეცდები, მეც ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩავდო ამ პროცესში და ჩემი შრომით გავახარო ქვეყანა. უღმესი მადლობა თქვენ, ბატონო დიმიტრი და უღრმესი მადლობა ბატონ ვახტანგ ყოლბაიას, რომ აქ ვარ და ამ საქმეს ვაკეთებ. ღმერთმა წარმატებები არ მოგვიშალოს“, - აღნიშნა დაჯილდოების ცერემონიალზე აფხაზეთის საგუნდო კაპელას სამხატვრო ხელმძღვანელმა ზვიად ბოლქვაძემ.


აფხაზეთის საგუნდო კაპელასთვის მადლობის სიგელების გადაცემის ცერემონიალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი მარინა შენგელია ესწრებოდა.


მანამდე, ცოტა ხნით ადრე გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას, ბელგიის სამეფოში, ბრიუსელის წმინდა მიქაელის და გუდულას სახელობის საკათედრო ტაძარში გამართული კლასიკური მუსიკის საქველმოქმედო კონცერტში წარმატებული გამოსვლის შემდეგ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საგანგებო მიღება გაუმართა. მიღების დროს მან კაპელას წევრებს წარმატებული გამოსვლა მიულოცა და მადლობა გადაუხადა.

 

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის საგუნდო კაპელა ოქტომბერში ბელგიის საკათედრო ტაძრის - მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - დაცვა-შენარჩუნების პროცესში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მონაწილეობდა.