მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ახალი ოფისისა და სარეპეტიციო დარბაზის პრეზენტაცია გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს საკუთრებაში ოფისი და სარეპეტიციო დარბაზი გადასცა. უჭეროდ დარჩენილმა თეატრმა, 24 წლიანი დევნილობის შემდეგ,  აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს შენობაში დაიდო ბინა. ამ მოვლენის აღსანიშნავად  თეატრის ახალი ოფისისა და სარეპეტიციო დარბაზის პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, თეატრმცოდნეები, თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები, რეჟისორები და მსახიობები დაესწრნენ.

1993 წლიდან მოყოლებული სოხუმის თეატრი სხვადასხვა დროს შეკედლებული იყო რუსთაველის, მარჯანიშვილის, სამეფო უბნის, თავისუფალ და ახმეტელის თეატრებში. ამიერიდან კი ის საკუთარ შენობაში გააგრძელებს საქმიანობას.