მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
2017 წლის „სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“ უკეთ ორგანიზების მიზნით

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა და საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კიკალიშვილმა ხელი მოაწერეს 2017 წლის „სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“  ორგანიზების მობილურობის გასაუმჯობესებლად შემუშავებულ მემორანდუმს.

როგორც ცნობილია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებული 2016 წლის „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა“ წარმატებით დასრულდა.

ოლიმპიადაში მთელი ქვეყნის მასშტაბით მონაწილეობდა საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის 1200-ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლის 60000 ათასზე მეტი ორივე სქესისა და სხვადასხვა ასაკის მოსწავლე. გაიმართა 6000-ზე მეტი სპორტული შეჯიბრი, გამოვლინდნენ პერსპექტიული და ნიჭიერი ბავშვები, რომლებიც აიყვანეს ქვეყნის შესაბამის ასაკობრივ ნაკრებებში. 2016 წლის „სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში“ წარმატებით იასპარეზეს ასევე აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.

2017 წლის „სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ჩატარებისა და საშეჯიბრო სისტემის დახვეწის მიზნით,  საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნულმა ფედერაციამ შეიმუშავა  „სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“ 2017 წლის განახლებული დებულება, ხოლო რეგიონებში ოლიმპიადის ორგანიზების მობილურობის გაუმჯობესების მიზნით  - ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან.

დიმიტრი ჯაიანმა და ლევან კიკალიშვილმა მემორადუმის ხელმოწერამდე დაწვრილებით ისაუბრეს აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების შესაბამისი მიღწევებზე და განიხილეს მომავალი თანმშრომლობის დეტალები. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია და სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო ლობჟანიძე.