მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ზურაბ ხონელიძე აირჩიეს

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს  - ზურაბ ხონელიძე, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი. ამ დღეებში მას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა ჯონი აფაქიძემ უფლებამოსილება ოფიციალურად გადასცა.  შეხვედრას დაესწრნენ: აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, გენერალი გია გულუა, ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე, მწერალი გურამ ოდიშარია, რომლებმაც მისასალმებელი სიტყვებიც წარმოთქვეს.

ყოფილ და ახალ რექტორთან შესახვედრად უნივერსიტეტის თანამშრომლები ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში შეიკრიბნენ. უნივერსიტეტს საგანგებოდ ეწვია გორისა და ატენის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია გვაზავა, რომელმაც უნივერსიტეტის ახალი რექტორი დალოცა, სიმხნევე და წარმატებები უსურვა და საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი გადასცა.

რექტორის პირველი დღე სამსახურის უფროსებთან და ფაკულტეტების დეკანებთან შეხვედრით დაიწყო. მან ასევე დიდი მადლობა გადაუხადა ჯონი აფაქიძეს, აკადემიურ საბჭოს, არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატს და აღნიშნა, რომ ის ღირსეული უნივერსიტეტის ღირსეული რექტორი იქნება.

„მე მინდა ეს პერიოდი უნივერსიტეტისთვის ახალი ერის დასაწყისი იყოს. უნდა შევინარჩუნოთ ყველაფერი კარგი და ვიაროთ ევოლუციის გზით. ორიენტირი უნდა ავიღოთ ცოდნაზე და ჩვენი მიზანი უნივერსიტეტის წინსვლა უნდა იყოს. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დევნილი უნივერსიტეტია, მას თავისი ღირსეული ადგილი უჭირავს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში და უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენი უნივერსიტეტი გახდეს ქართველთა და აფხაზთა მეგობრობის აღმდგენი ხიდი“, –განაცხადა ზურაბ ხონელიძემ. ამასთანავე, მან კოლექტივს შესთავაზა უნივერსიტეტის ახალი ლოგო „ცოდნა-აღმაშენებელი“, რომელშიც იდეურად გაერთიანდება უნივერსიტეტის მთავარი მისია და აფხაზეთი.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა, ჯონი აფაქიძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვისაც მისი რექტორობის პერიოდში უმუშავია. მან ასევე აღნიშნა, რომ ახალი რექტორი ღირსეული ადამიანია და ეიმედება, რომ უნივერსიტეტს კიდევ უფრო განავითარებს, თავად კი რჩება უნივერსიტეტის პროფესორად და მკვლევარად.