მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
ილია ჭავჭავაძის 180 წლისთავს და ილია ჭავჭავაძის პრემიის ლაურეატს - გენო კალანდიას მიეძღვნა

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრმა ილია ჭავჭავაძის 180 წლისთავს საღამო „მამული, ენა, სარწმუნოება“ მიუძღვნა. თავდაპირველად ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ცალკეულ ეპიზოდებზე ისაუბრა ლიტერატორმა თამაზ ტყემალაძემ. კომპოზიტორმა გიორგი შავერზაშვილმა კი რევაზ ლაღიძის სიმღერის „ჩემო კარგო ქვეყანავ“ თემაზე კომპოზიცია შეასრულა. 


შემდეგ საღამო ილია ჭაავჭავაძისა და „საგურამოს“, რუსთაველისა და სხვა არაერთი პრესტიჟული პრემიის ლაურეატის პოეტ გენო კალანდიას ლექსთა კრებულის „საგალობლები უფლისთვის“ წარდგენით გაგრძელდა. ეს არის კრებული, რომლის გამოსვლას პოეტი საბედნიეროდ, მოესწრო, მკითხველისთვის მის წარდგენას კი ვერა. ამდენად, საღამოზე კრებულის გამოცემის სიხარულს მისი ავტორის არყოფნის სევდა გასდევდა. კრებულზე „საგალობლები უფლისთვის“ ღრმად და საინტერესოდ ისაუბრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მარინა ტურავამ, ხოლო საგალობლები წაიკითხა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა. როგორც საგალობლებზე, ისე ზოგადად გენო კალანდიას პოეზიის განუმეორებელ ხიბლზე, მის გამორჩეულ პოეტურ კრებულებზე "რექვიემი" და "ფესვები" ისაუბრა მწერალმა და კრიტიკოსმა მაკა ჯოხაძემ. მათ არაჩვეულებრივად თქვეს იმაზე, რომ „საგალობლები უფლისთვის“ გენო კალანდიასთვის თითქოს იმქვეყნად გადასვლის ერთგვარი შემზადება აღმოჩნდა, რაც პოეტმა არაერთი წინასწარმეტყველური შესანიშნავი სტრიქონით გამოხატა, მათ შორის ამითაც: „ვემშვიდობები უფალო ლოცვით მიწას, რომელმაც მაქცია კაცად“.


გენო კალანდია მოიგონეს ასევე არნოლდ გეგეჭკორმა, თემურ შაშიაშვილმა და სხვ. საღამოს უძღვებოდა მამა ადამი (ახალაძე).საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, გენო კალანდიას ოჯახის წევრები და ფართო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


აქვე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორმა რევაზ თავაძემ წარადგინა პიანისტთა თბილისის მეექვსე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გიორგი გიგაშვილი, რომელმაც ლისტის „სამგლოვიარო სვლა“ ციკლიდან „პოეტური და რელიგიური ჰარმონიები“ შეასრულა, რაც დამსწრეთა იმდღევანდელ განწყობასაც ეხმიანებოდა.