მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
აფხაზი ერის თვალსაჩინო წარმომადგენლის ლორიკ მარშანიას ხსოვნის საღამო გაიმართა

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ჭეშმარიტი მამულიშვილის, აფხაზი ერის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ცნობილი პოლიტიკოსის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერის ლორიკ მარშანიას დაბადებიდან 85 წლისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა.

ხსოვნის საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, ლორიკ მარშანიას შვილი და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ადა მარშანია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საღამოს მუსიკალურ თანხლებას უწევდა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ლევან ღვინჯილიას ხელმძღვანელობით.

ლორიკ მარშანია 1932 წლის 24 ნოემბერს ოჩამჩირეში დაიბადა.  სოხუმის მე-4 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო ეკონომიკურ ინსტიტუტში. ლორიკ მარშანია იყო ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი, 250-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 1992-2002 წლებში მუშაობდა  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილედ.

ეთნიკურად აფხაზი ლორიკ მარშანია იმ მცირერიცხოვან აფხაზ მოღვაწეთა შორის იყო, ვინც გასული საუკუნის 90-იან წლებში ღიად დაუპირისპირდა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს ვლადისლავ არძინბას. იგი მუდამ პრინციპულად იცავდა აფხაზი ეთნოსის თვითმყობადობას და იმავდროულად აფხაზთა სასიკეთო მომავალს მხოლოდ ერთიან საქართველოში ხედავდა.

ლორიკ მარშანია სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე მუდამ ცდილობდა, რომ კონფლიქტის მოსაგვარებლად ცივილიზებული გზები, სახალხო დიპლომატიის ნაცადი მეთოდები ახლებურად გაეაზრებინა და მათი განხორციელების ინიციატორად გვევლინებოდა.

ლორიკ მარშანიას ეკუთვნის სიტყვები: „მე აფხაზი ვარ და ამაყად ვამბობ, რომ ჩემი საქართველო აფხაზეთიდან იწყება".

ლორიკ მარშანია 2010 წლის 13 აგვისტოს ავტოავარიის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა.