მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
ვ. არქანიას არტ-გალერეაში დისკის - „15 აფხაზური სიმღერა“ და მისი სანოტო კრებულის პრეზენტაცია გაიმართა

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში დისკის „15 აფხაზური სიმღერა“ (ანსამბლ „რუსთავის“ რეპერტუარიდან) და ამ სიმღერების სანოტო კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. საღამო საქართველოსა და აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის სვეტლანა ქეცბას ხსოვნას მიეძღვნა. სანოტო კრებულისა და დისკის გამოცემის იდეა აფხაზური ფოლკლორის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად და ეს იდეა სვეტლანა ქეცბას ეკუთვნოდა. დასანანია, რომ მის განხორციელებას თავად ვერ მოესწრო. საღამოზე ასევე გაიხსენეს ბოლო პერიოდში გარდაცვლილი ხელოვანები: ზურაბ სოტკილავა, დიმიტრი ჯაიანი და ჯუმბერ ყოლბაია.

საღამოს უძღვებოდა სსიპ სულიერებისა და კულტურის ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე დეკანოზი ბიძინა გუნია. სვეტლანა ქეცბაზე - აფხაზ მოღვაწეზე, როგორც ქართველებსა და აფხაზებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენისთვის დაუღალავ მზრუნველზე, ასევე აფხაზური სიმღერების წარმოდგენილი დისკისა და სანოტო კრებულის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა, მუსიკოლოგიის დოქტორმა, სანოტო კრებულის რედაქტორმა ნინო კალანდაძე-მახარაძემ, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარემ გიორგი შავერზაშვილმა, საქართველოს მუსიკალური საზოგადოების თავმჯდომარემ მანანა ახმეტელმა, პოეტმა მზია ხეთაგურმა და აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა ლევან ღვინჯილიამ. ანსამბლმა „აფხაზეთმა“ რამდენიმე აფხაზური სიმღერა შეასრულა. დარბაზში აგრეთვე გახმიანდა სიმღერები დისკის რეპერტუარიდან.


საღამოს ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის თანამშრომლები, ხელოვნების მოღვაწეები და დევნილი საზოგადოება.