მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
„ნიკო კეცხოველის პრემია-2018-ის“ მოსაპოვებლად აფხაზეთის სამი სკოლა იბრძოლებს

2018 წლის 18 თებერვალს ზუგდიდში სასკოლო კუნკურსის „ნიკო კეცხოველის პრემია-2018“ ნახევარფინალური ტური ჩატარდა. კონკურსში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის საჯარო სკოლებთან ერთად აფხაზეთის საჯარო სკოლებიც მონაწილეობდნენ. სკოლებმა მათ მიერ კონკურსის ფარგლებში განხორციელებული „მწვანე აქტივობები“ წარმოადგინეს. ისინი, პრემიის ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში ასუფთავებდნენ საკუთარ სოფლებსა თუ ქალაქებს, ატარებდნენ გამწვანების აქციებს, იკვლევდნენ ადგილობრივ გარემოსდაცვით პრობლემებს, თანამშრომლობდნენ თვითმმართველობასთან, იპყრობდნენ მედიის ყურადღებას. 


სასკოლო კონკურსის ჟიურიმ 9 გამარჯვებული სკოლა გამოავლინა, რომელთა შორის არიან სოფელ ოტობაიას N1 სკოლა (გალი), სოფელ თაგილონის სკოლა (გალი) და აფხაზეთის N14 სკოლა (ზუგდიდი). ნახევარფინალში გამარჯვებული გუნდები დასკვნით ეროვნულ ტურში ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.


რეგიონული ტურის მონაწილეებს და გამარჯვებულებს კონკურსის ორგანიზატორებმა და პარტნიორებმა, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ სპეციალური პრიზები გადასცეს. რეგიონალური ტურის მონაწილეებს სამინისტროს სახელით მიესალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანაშემწე რამინ საჯაია.


კონკურსის ორგანიზატორია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი. სასკოლო კონკურსი „ნიკო კეცხოველის პრემია-2018“ ხორციელდება „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.


ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის მთავარი აკორდი 21 მარტს (ტყის საერთაშორისო დღე) თბილისში გაიმართება და აქ ჩვენი ქვეყნის ყველაზე „მწვანე“ სკოლებიდან ნიკო კეცხოველის პრემიის სამი მფლობელი შეირჩევა.