მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი დოკუმენტური ფოტოგამოფენა გაიხსნა

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საბჭოთა ოკუპაციის საგამოფენო დარბაზში დოკუმენტური ფოტოგამოფენა - „აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა: ფაქტები, შეფასებები“ გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილ ფოტოებზე აღბეჭდილია აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ამჟამინდელი სავალალო მდგომარეობისა და მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების აკრძალვის ამსახველი დოკუმენტური ფოტომასალა. ფოტოგამოფენის მიზანია კიდევ ერთხელ მოექცეს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ქვეშ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უძველესი ქართული კულტურის ძეგლების მიზანმიმართული ხელყოფისა და განადგურების ფაქტები, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართველთა კვალის წაშლის გეგმაზომიერი პოლიტიკის გაგრძელებაა.
გამოფენის კურატორები არიან ზურაბ ჯგუბურია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი. გამოფენას პარტნიორობას უწევენ საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია და საქართველოს ეროვნული მუზეუმი. გამოფენა გახსნა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა ამ მნიშვნელოვანი გამოფენის მოწყობის ორგანიზატორებს და იმედი გამოთქვა, რომ შორს არ არის ის დრო, როცა აფხაზეთში ისევ გვერდიგვერდ იცხოვრებენ აფხაზები და ქართველები და ერთად მოუვლიან წინაპრების მიერ გადმოცემულ კულტურულ მემკვიდრეობას.

გამოფენის ერთ-ერთმა კურატორმა მანანა ქვაჩახიამ დამსწრეთ შეახსენა, რომ ოკუპანტის ვანდალური ქმედებების გამო აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ავთენტურობას და უნიკალურობას თანდათან კარგავენ. გარდა ამისა, ამ ტერიტორიიდან იდევნება უძველესი ქართული ენა. მისი თქმით, გამოფენაზე წარმოდგენილი დოკუმეტური ფოტო-მასალა ამძაფრებს აღქმას აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარებისა, რომელიც მიზნად ისახავს ქართული კვალის წაშლას საქართველოს ძირძველ მიწაზე და რომლის შეჩერება მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთობლივ ძალისხმევას შეუძლია.

გამოფენის კურატორის ზურაბ ჯგუბურიას თქმით, წლეულს აფხაზეთის ოკუპაციიდან 25 წელი სრულდება და ოკუპანტი მხოლოდ ეთნიკური წმენდით არ კმაყოფილდება, ის ცდილობს დაამტკიცოს, რომ აფხაზეთში ქართული ისტორიულ-კულტურული თვითმყოფადობის დამამტკიცებელი მატერიალური დოკუმენტები - ძეგლები არ არსებობს და ამისთვის მზად არის კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულიც ჩაიდინოს - აფხაზეთში ქართული ისტორიულ-კულტურული საგანძური/ძეგლები გაანადგუროს და მსოფლიოს ქრისტიანული კულტურის უნიკალური მხარე სამხედრო პოლიგონად აქციოს!!! როგორც მან განაცხადა, ამის უტყუარი დასტურია გამოფენაზე წარმოდგენილი არა მხოლოდ ჩვენი, არამედ რუსულ-აფხაზური საინფორმაციო წყაროების მიერ გავრცელებული 21-ე საუკუნის (2011-2017 წ.წ.) ფოტომასალაც.

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ელგუჯა გვაზავას განცხადებით, აფხაზეთში დარჩენილი კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად მუშაობა, იუნოესკოსთან თანამშრომლობის მცდელობით, ჯერ კიდევ დევნილობის პირველივე წლებიდან დაიწყო პარლამენტში მოქმედ ფრაქცია „აფხაზეთში“. ცენტრალურმა ხელისუფლებამ მომავალშიც საკუთარი დიპლომატიური მისიების მეშვეობით, უფრო აქტიურად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია საერთაშორისო საზოგადოებას იქ არსებული მწვავე ვითარების შესახებ და ცივილიზებულმა მსოფლიომ არ დაუშვას ოკუპანტი ქვეყნის მიერ ჩაფიქრებული კულტურული გენოციდი.

ფოტოგამოფენის გახსნაზე აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ჯემალ გამახარიას ხაზგასმით, სეპარატისტებისა და მათი მფარველების მიზანია დაუმტკიცონ მსოფლიოს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის სამართალმემკვიდრენი ქართველები არ არიან, მაგრამ ამაში მათ ხელს უშლის ორი მნიშვნელოვანი გარემოება: ამ ძეგლების არქიტექტურა, რომელიც თავიდან ბოლომდე ქართულია და ქართული ეპიგრაფიკა. ამიტომაც მიმდინარეობს იქ ქართული ძეგლების იერსახის შეცვლა და ქართული ეპიგრაფიკის განადგურება. მსოფლიოს ეს უნდა გავაგებინოთ... ყველას, ვისაც ეს თემა აინტერესებს, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ამ გამოფენაზე ეძლევათ იმის შესაძლებლობა, რომ თავად დარწმუნდნენ, ვისი საკუთრებაა ეს ძეგლები სინამდვილეში და ვინ ანადგურებს მათ.

გამოფენას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

გამოფენის დასასრულ გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით საგუნდო ნაწარმოებები შეასრულა.

გამოფენა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ერთი თვე გასტანს.