მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
ნიკო კეცხოველის პრემია 2018“-ის ფინალური ტურის გამარჯვებული აფხაზეთის ერთ-ერთი სკოლაც გახდა

1971 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი „ტყეების საერთაშორისო დღედ“ გამოაცხადა. ამ დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოების ცნობიერებაში ტყის მნიშვნელობის დონის ამაღლება და გამეჩხრებული ტყის ტერიტორიის შევსება-აღდგენა.


21 მარტს საქართველოს პარლამენტში ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაწესებული გარემოსდაცვითი სასკოლო კონკურსის „ნიკო კეცხოველის პრემია 2018 - აღმოაჩინე საქართველოს“ ფინალური ტური და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ნიკო კეცხოველის კონკურსი 2014 წელს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) პროექტის „ტყის მდგრადი მართვა“ ფარგლებში, ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით (ADC) დაარსდა. წლეულს კონკურსის ფინალში 29 სკოლა მონაწილეობდა.


კონკურსში მონაწილე მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემაზე ვიდეომიმართვები და მათ მიერ განხორციელებული „მწვანე ინიციატივების“ შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს მთელი წლის განმავლობაში გარემოსდაცვითიგანათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის, მდგრადი ტურიზმისა და გარემოსთან მეგობრული დამოკიდებულების პოპულარიზაციაში ეჯიბრებოდნენ. 29 ფინალისტი სკოლიდან 3 გამარჯვებული სკოლა გამოვლინდა. კერძოდ, „ნიკო კეცხოველი 2018“-ის გამარჯვებული ლაითურის სკოლასა (| ადგილი) და მარადისის სკოლასთან (|| ადგილი) ერთად გალის ოკუპირებული ზონის ერთ-ერთი სკოლაც (||| ადგილი) გახდა. 


დაჯილდოების ცერემონიას მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებოდა.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ ასევე აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, გალის რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო ლობჟანიძე.