2026 წლის 10-11 ნოემბერს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 68-ე რაუნდი გაიმართა, სადაც საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე მონაწილეობდა.
მოლაპარაკებების დასაწყისში ქართულმა მხარემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობასა და მოლაპარაკებათა ფორმატის ფუძემდებლური დოკუმენტების შესაბამისად გაგრძელების მნიშვნელობას.
ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე როგორიცაა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა, საქართველოს ტერიტორიიდან საკუთარი შეიარაღებული ძალების გაყვანა, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.
მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ღრმა შეშფოთება გამოთქვა 2026 წლის სექტემბერში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისა და საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელ პოზიციებზე რუსეთის მოქალაქეების დანიშვნის გამო, რაც საქართველოს განუყოფელი ცხინვალის რეგიონის ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად შეფასდა.
საქართველოს მხარემ მწვავედ დააყენა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი მძიმე ვითარებისა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ქმედებების საკითხი.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) აღდგენის აუცილებლობას და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას.
რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა, ჩვეული პრაქტიკის მსგავსად, მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნებას შეეხებოდა.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, ასევე რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო, 69-ე რაუნდი 2027 წლის 16-17 მარტს გაიმართება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ბერლინში მცხოვრები ქართველი თანამემამულეები, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები.
გიორგი ჯინჭარაძემ, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთის მთავრობის პროგრამების, მნიშვნელოვანი პროექტებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები თანამოქალაქეების ჩართულობით ხორციელდება და აფხაზეთის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
მთავრობის თავმჯდომარემ, ასევე, სამშვიდობო პროცესებში აფხაზეთიდან დევნილი ემიგრანტების როლის გაძლიერებაზე ისაუბრა.
,,განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ შეხვედრის მონაწილეებს შორის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ჩვენი თანამემამულეებიც იყვნენ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ქართველ ემიგრანტებთან კომუნიკაცია, მხარი დავუჭიროთ მათ ინიციატივებს და კიდევ უფრო გავაძლიეროთ კავშირი საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მათგანმა იგრძნოს ყურადღება და იცოდეს, რომ სიშორის მიუხედავად მათი სამშობლოსთან კავშირი არ წყდება." - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მონაწილეებმა განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების გაღრმავებას, ერთობლივი ღონისძიებებისა და ქართულ-აფხაზური კულტურული შეხვედრების ორგანიზებას.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე კარტოზია ესწრებოდნენ.
მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, ჰამბურგში, ლეგენდარულ ელბის ფილარმონიაში, ანსამბლ „შავნაბადას“ მეორე კონცერტი გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო.
მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ანსამბლ „შავნაბადას“ აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობა, რადგან ის ხელს უწყობს საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას.
„განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩვენს ანსამბლს შესაძლებლობა აქვს, ასეთ მნიშვნელოვან დარბაზებში გამართოს კონცერტები. დღეს ამაყები ვართ, რომ მოვახერხეთ ქართული კულტურის კიდევ ერთხელ ღირსეულად გატანა ევროპაში. აფხაზეთის მთავრობისთვის უმთავრესი პრიორიტეტი არის, რომ ჩვენი ანსამბლები ასე მასშტაბურად წარდგნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ასევე, ვუთხრათ მთელ მსოფლიოს, რომ აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ჩვენი მომავალი მხოლოდ ერთობაზე, მშვიდობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე იქნება დამყარებული“, - განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ.
დავით ცინცაძის ხელმძღვანელობით მომზადებულმა ახალმა საკონცერტო პროგრამამ სრული ანშლაგით ჩაიარა. ღონისძიების სტუმრებს საშუალება მიეცათ, მოესმინათ ქართული და აფხაზური ფოლკლორის შედევრები, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციული მრავალხმიანი კომპოზიციები. ანსამბლთან ერთად მაყურებლის წინაშე მომღერალი ლიზა ბაგრატიონი წარდგა.
საღამომ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის განსაკუთრებული მრავალფეროვნება და ის საერთო კულტურული ფასეულობები, რომლებიც ქართულ-აფხაზურ ისტორიასა და ტრადიციებს აერთიანებს. შესრულებულმა ნომრებმა დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
კონცერტს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ალექსანდრე კარტოზია ესწრებოდნენ.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ასევე, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, ბერლინის კონცერტჰაუსში, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადას“ კონცერტს დაესწრო.
მთავრობის თავმჯდომარემ, ქართულ-აფხაზურ ისტორიულ კავშირებსა და უნიკალურ ტრადიციებზე, ასევე შერიგების პროცესში კულტურული დიპლომატიის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„განსაკუთრებული და ემოციებით დატვირთული ბრწყინვალე საღამო იყო, რომელმაც ნამდვილი აღფრთოვანება გამოიწვია. დღეს კიდევ ერთხელ გაჟღერდა ჩვენი ქართული კულტურა ევროპის შუაგულში და ასევე ის, რომ აფხაზეთი არის და ყოველთვის იქნება საქართველოს განუყოფელი ნაწილი. წარმატებები მინდა ვუსურვო ანსამბლ „შავნაბადას“. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ კულტურული ინიციატივების ხელშეწყობას და ჩვენი ანსამბლების მხარდაჭერას. ღონისძიების მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო კულტურის სამინისტროს“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
„შავნაბადა“ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობს და ბერლინში, ჰამბურგსა და მიუნხენში კონცერტებს მართავს.
პირველი კონცერტი ანსამბლმა ბერლინში გამართა. მაყურებლის წინაშე „შავნაბადა“ დავით ცინცაძის ხელმძღვანელობით, ახალი მუსიკალური პროგრამით წარდგა. კონცერტზე ქართულ-აფხაზური, ასევე საქართველოს სხვა რეგიონების ტრადიციული, ხალხური მრავალხმიანი ფოლკლორული ნომრები შესრულდა.
კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
„შავნაბადას“ კონცერტს ასევე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ალექსანდრე კარტოზია, ბერლინის ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ასევე, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.