აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე სიცილიის რეგიონის ბიზნესსისტემის ინტერნაციონალიზაციის რეგიონული ოფისის SPRINT-ის დირექტორ ტომაზო დი მატეოს შეხვდა.
შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ იტალიელ სტუმარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
გიორგი ჯინჭარაძემ შეხვედრისას განსაკუთრებული მადლიერებით გაიხსენა იტალიის სახელმწიფოსა და იტალიელი ხალხის თანადგომა და მხარდაჭერა მათ შორის 1990-იან წლებში, როდესაც აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს, იტალიურმა ოჯახებმა სიცილიაში უმასპინძლეს.
თავის მხრივ, ტომაზო დი მატეომ მთავრობის თავმჯდომარეს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს მომავალ წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მცირე დელეგაციის პალერმოში შესაძლო ვიზიტის შესაძლებლობა.
შეხვედრა საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს ხელშეწყობით გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან ერთად აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრებს შეხვდა.
გიორგი ჯინჭარაძემ მეომართა კავშირის წევრებს, ქვეყნის წინაშე არსებული დამსახურებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობა აქტიურად გააგრძელებს ვეტერანთა მხარდაჭერის მიმართულებით არსებული პროგრამების სრულყოფასა და ახალი ინიციატივების დანერგვას.
ვეტერანებმა მთავრობის თავმჯდომარეს საქმიანობის პროცესში გამოვლენილი საჭიროებები გააცნეს და სამუშაო ფორმატში კონკრეტული ინიციატივები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა ვეტერანთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე და ღონისძიებებზე, რომლებიც ვეტერანთა საქმიანობის მხარდაჭერას ითვალისწინებს.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ აფხაზეთის მთავრობასა და აფხაზეთის მეომართა კავშირს შორის თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელობითი სტიპენდიის მფლობელები დააჯილდოვა.
გიორგი ჯინჭარაძემ წარმატებულ ახალგაზრდებს მიღწეული შედეგები მიულოცა, განათლების მიმართულებით აფხაზეთის მთავრობის სამომავლო ხედვა გააცნო და დიპლომები და საჩუქრები გადასცა.
სახელობითი სტიპენდია აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრებისა და ეროვნულ გამოცდებზე მიღებული მაღალი აკადემიური შედეგების გათვალისწინებით 8 სტუდენტს გადაეცა.
2025-2026 სასწავლო წლის სტიპენდიატები გახდნენ:
• ალექსანდრე შამუგია - ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია.
• ლევან კაციტაძე - აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია.
• მარკოზ ჭანტურია - აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია.
• მარიტა კემულარია - მიხეილ ჯინჭარაძის სახელობის სტიპენდია.
• ლიზი ჯობავა - თამაზ ნადარეიშვილის სახელობის სტიპენდია.
• გიორგი კობაიძე - ლორიკ მარშანიას სახელობის სტიპენდია.
• ნიკოლაი გვაზავა - გურამ გაბესკირიას სახელობის სტიპენდია.
• ნია ქუთათელაძე - მიხეილ კოკაიას სახელობის სტიპენდია.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა და ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებასა და მათ ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკისთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით არსებული გამოწვევები, დევნილთა საჭიროებები და მიმდინარე სოციალური და ეკონომიკური პროგრამები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთის მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებს, ასევე იმ ინიციატივებს, რომლებიც დევნილთა მხარდაჭერას ემსახურება.
გიორგი ჯინჭარაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობა შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესის გასაძლიერებლად უმნიშვნელოვანესია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად, მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვებულ სპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცა.
ანასტასია ჩხარტიშვილმა 19 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა და ჩემპიონი გახდა. ელენე ქობალიამ და ანდრია ჩხარტიშვილმა 12 და 14 წლამდე კატეგორიაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
გიორგი ჯინჭარაძემ ახალგაზრდებს მომავალში კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები უსურვა და აღნიშნა, რომ მსგავსი მიღწევები მოტივაციას ქმნის სხვა ახალგაზრდებისთვისაც და ხელს უწყობს სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენებმა, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის წევრები არიან, რიგაში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე „Riga City Council's Cup“ წარმატებულად იასპარეზეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის №2 საჯარო სკოლას ესტუმრა, სადაც აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად, სკოლაში არსებულ საჭიროებებს გაეცნო.
გიორგი ჯინჭარაძემ სკოლის დირექტორთან და პედაგოგებთან ერთად სკოლის ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმებზე იმსჯელა.
მთავრობის თავმჯდომარის თქმით, მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, კომფორტული და თანამედროვე სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, მიმდინარეობს სკოლებში არსებული პირობების შესწავლა და მათი ეტაპობრივად გაუმჯობესება.
„მოსწავლეებისთვის ღირსეული სასწავლო გარემოს შექმნა ჩვენი უმთავრესი ამოცანაა. ამ მიზნით, პირადად ვეცნობი მთელი ქვეყნის მასშტაბით აფხაზეთის საჯარო სკოლებში არსებულ ვითარებას. აღნიშნულ სკოლაში მცირე სახის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება უკვე დავიწყეთ. პროცესი გაგრძელდება და ცენტრალური მთავრობის ხელშეწყობით ყველა არსებული საჭიროება იქნება დაკმაყოფილებული“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე განაგრძობს ქვეყნის მასშტაბით აფხაზეთის საჯარო სკოლებში არსებული ვითარების გაცნობას, რაც მიზნად სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლებას და სასწავლო პირობების გაუმჯობესებას ისახავს.