
ახალი ამბები



იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია.
მინისტრი უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს შეხვდა და მიმდინარე სასწავლო-სამეცნიერო პროცესებს გაეცნო.
ნანა გაბელიამ სამოქალაქო ინტეგრაციისა და კონფლიქტის დარეგულირების თვალსაზრისით „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“, როგორც ეფექტურ და ნაყოფიერ შესაძლებლობაზე ისაუბა და უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობა აღნიშნა.
შეხვედრაზე მინისტრი სტუდენტების წინაშეც წარსდგა და მათ მინისტრის აპარატის მიერ ამჟამად გამოცხადებული კონკურსი „სამოქალაქო ინტეგრაციის აკადემია აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის“, გააცნო.
საუბარი ასევე სამომავლო სტაჟირებისა და სხვადასხვა პროექტებში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მხარდაჭერასა და ხელშეწყობას შეეხო, რამაც სტუდენტებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია.










გიორგი გაბედავას როგორც საერთშორისო ორგანიზაციებში, ისე საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვნამდე, გიორგი გაბედავა იკავებდა საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის პოზიციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში, მანამდე კი ამავე სააგენტოს შრომითი მიგრაციის დეპარტრამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებდა.
გიორგი გაბედავას მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის კუთხით, კონფლიქტოლოგიის, მედიაციის, სახალხო დიპლომატიის, მშვიდობის მშენებლობისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით.
2015 წლიდან საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით, იგი აქტიურად იყო ჩართული სამშვიდობო პროგრამებსა და ინიციატივებში, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამასთანავე გიორგი გაბედავა აქტიურად მონაწილეობდა აფხაზ ახალგაზრდებთან გამართულ სამშვიდობო დიალოგებში.
გიორგი გაბედავა პროფესიით იურისტი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. მან 2014 წელს დაამთავრა საქართველოს უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, მოგვიანებით კი, სიენას უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხური, გლობალური მმართველობისა და სახალხო დიპლომატიის მიმართულებით.
მშობლიური ენის გარდა, გიორგი გაბედავა ფლობს ინგლისურ, იტალიურ და რუსულ ენებს.


იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით ონლაინ პანელური დისკუსია ,,საკუთრების უფლება და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უფლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე'' გაიმართა.
ვებინარი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ გახსნა. ონლაინ შეხვედრაში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯფომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდნენ.
თემის მთავარმა მომხსენებელმა საერთაშორისო სამართლის ექსპერტმა და პროფესორმა ვაიოს კოუტრულისმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკუთრების და დაბრუნების უფლების ზოგად საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოზე ისაუბრა, ხოლო საერთაშორისო სამართლის მკვლევარმა მარიამ ბეჟანიშვილმა საკუთრების უფლების ჭრილში, უშუალოდ აფხაზეთში არსებული სიტუაცია მიმოიხილა.
საპრეზენტაციო ნაწილის შემდეგ დისკუსია ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა.
დისკუსიას მოდერირებას ფულბრაითის უნივერსიტეტის მკვლევარი და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი საბა ფიფია უწევდა.
შეხვედრა სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა.


იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ, ბერი ანდრიას სახელობის ფონდის პატრონაჟის ქვეშ მყოფი მშენებარე სარეაბილიტაციო ცენტრი დაათვალიერა და მათ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცა.
"გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ფონდის საქმიანობის ხელშეწყობაში. ეს არის კავკასიაში პირველი მსგავსი ტიპის სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც სიმსივნით დაავადებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებს უანგაროდ ეხმარებიან". - განაცხადა ნანა გაბელიამ.
ცენტრი რეგიონებიდან ჩამოსულ, სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს სრულ რეაბილიტაციას უსასყიდლოდ უწევს, რომელთა შორის აფხაზეთიდან დევნილი და ეთნიკურად აფხაზი ბავშვებიც არიან.
აღნიშნული ღინისძიება ,,მშვიდობის ლაბორატორიის“ პროგრამის ფარგლებში ბერი ანდრიას ფონდთან პარტნიორობით განხორციელდა.










ნანა გაბელიას საჯარო სექტორში, სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრად დანიშვნამდე, აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ასევე ეკავა დევნილთა მინისტრის მთავარი მრჩევლის პოზიცია. მანამდე კი, ხელმძღავნელობდა აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტს, ხოლო 2014-2019 წლებში იყო სამინისტროს იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი. სხვადასხვა დროს მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში, ხოლო 2008 წლიდან ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტში. იგი იყო საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, მანამდე კი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოადგილე.
ნანა გაბელია პროფესიით სამართალმცოდნეა. დამთავრებული აქვს ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალი, ხოლო შემდგომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.


„დღეს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 29 წელი გავიდა.
14 აგვისტო ქართველებისა და აფხაზების საერთო ტრაგედიისა და საერთო მარცხის დღეა.1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული კონფლიქტი, რომელიც დიდხანს მზადდებოდა მესამე მხარის მიერ, აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაციით დასრულდა, რამაც სრულიად შეცვალა ჩვენი ცხოვრება, იმსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქისა და ჯარისკაცის სიცოცხლე, 400 ათასზე მეტ ადამიანს კი მოუწია იძულებით საკუთარი სახლ-კარის დატოვება და საკუთარ სამშობლოში დევნილის სტატუსით ცხოვრება.
28 წლის შემდგომაც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვითარება სულ უფრო მძიმეა. რუსეთის ფედერაცია დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების „სრულ კონტროლს“ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების უხეშ დარღვევებს, მათ შორის, შეზღუდულია მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, მასობრივად ნადგურდება ქართული კულტურის ძეგლები, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებები.
საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით იცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს და ყველა ლეგიტიმური საშუალებით, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით ყველაფერს აკეთებს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამჟამად მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვისთვის.
მჯერა რომ, ტკივილის და ტრაგედიის სიმძიმის მიუხედავად თანმიმდევრული, რაციონალური სამშვიდობო პოლიტიკით და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აფხაზებთან ერთად აღვადგინოთ ისტორიული ერთობა და ვიცხოვროთ ერთიან საქართველოში." - დავით ფაცაცია
