მთავარი/სამინისტრო/იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო/ახალი ამბები
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო

ახალი ამბები

აფხაზეთის ა/რ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი, ალიონა ჩხოტუა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წინაშე ინტერპელაციის ფორმატში წარდგა.
მინისტრმა დეპუტატებს უწყების საქმიანობის ძირითადი შედეგები, პროგრამების ეფექტიანობა, ბიუჯეტის ათვისების მიზნობრიობა და სამომავლო გეგმები გააცნო.
ალიონა ჩხოტუამ ყურადღება გაამახვილა ბენეფიციარებზე ორიენტირებულ მიდგომებზე, სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით განხორციელებულ ინოვაციებზე და სამინისტროს საქმიანობის სამომავლო ხედვაზე.
უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ახალგაზრდულ მიმართულებასაც და აღნიშნა, რომ სამინისტროს პროექტების უმეტესობა ახალგაზრდების ფართო ჩართულობაზეა ორიენტირებული.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო იწყებს საგანმანათლებლო პროექტს - ,,საჯაროდ გამოსვლის ხელოვნება 2025”, რომელიც მიზნად ისახავს მონაწილეებში ეფექტური კომუნიკაციისა და საჯარო გამოსვლის უნარების ჩამოყალიბებას, ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობას, გუნდური მუშაობის უნარების გაძლიერებას.
პროექტის თემატიკა:
• საკუთარი თავის წარმოჩენა
• აუდიტორიასთან ურთიერთობა
• ხმის ტემბრი, სხეულის ენა
• სტრესის მართვა
• დამაჯერებელი კომუნიკაცია
• იდეის სტრუქტურირება და მისი ეფექტური გადმოცემა
• ვიზუალური მასალების გამოყენება
• გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა
უპირატესობა მიენიჭებათ:
• სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებს
• შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ოჯახის წევრებს
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 8 დეკემბერი.
რეგისტრაციის ბმული:
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
justice@abkhazia.gov.ge
ცხელი ხაზი: 143
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მხარდაჭერით, ატარებს საჯარო ლექციას თემაზე „ადამიანის უფლებები და ხელოვნური ინტელექტი: გამოწვევები და სამართლებრივი ასპექტები“.
ლექცია მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის განვითარების პირობებში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე, ეთიკურ - სამართლებრივ გამოწვევებსა და საერთაშორისო სამართლებრივ რეგულაციებზე ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას.
მონაწილეთა ტრანსპორტირება (თბილისი-ოქროყანა-თბილისი) განხორციელდება რესპუბლიკის მოედნიდან 16:00 საათზე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 7 დეკემბერი.
რეგისტრაციის ბმული:
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
justice@abkhazia.gov.ge
ცხელი ხაზი:143
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს.
მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ბორის გაბუნია, ხოლო მოადგილის - ელენე არდაზიშვილი დაინიშნა. მოადგილეები უწყების თანამშრომლებს მინისტრმა დღეს წარუდგინა.
ბორის გაბუნიას განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში ეკონომიკის მიმართულებით. მინიჭებული აქვს დოქტორის ხარისხი.
მინისტრის ახლადდანიშნულ პირველ მოადგილეს საჯარო სექტორში, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურებში, საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი ამ დრომდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონებისა და პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
ელენე არდაზიშვილი პროფესიით იურისტია. მას დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. განათლება მიღებული აქვს გერმანიაშიც, ზაარლანდის უნივერსიტეტში. მას სასამართლო ხელისუფლებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. დღემდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა, ალიონა ჩხოტუამ და ილორის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ლევანმა (ჯანაშია) თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
დოკუმენტი ერთობლივი პროექტების განხორციელებას, ინტელექტუალური და საგანმანათლებლო რესურსების გაზიარებას, ასევე საერთო ინტერესის სფეროში არსებული აქტუალური საკითხების კოორდინირებულად გადაწყვეტას ითვალისწინებს.
შეხვედრის ფარგლებში, ალიონა ჩხოტუამ, დეკანოზს, სამინისტროს მიმდინარე და დაგეგმილი ინიციატივები, მათ შორის ახალგაზრდებზე, არაფორმალურ განათლებასა და სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერაზე მიმართული პროექტები გააცნო.
დეკანოზმა, ლევანმა (ჯანაშია) მინისტრს, აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობის შექმნისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის, მადლობა გადაუხადა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა, ალიონა ჩხოტუამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს 2024-2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარუდგინა.
კომიტეტის სხდომა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამაზ ხუბუამ გახსნა.
ალიონა ჩხოტუამ სამინისტროს პროგრამისა და ქვეპროგრამების ფარგლებში განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების ბიუჯეტი დეტალურად განიხილა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მომავალი წლის პრიორიტეტებზე, რაც პროგრამული ბიუჯეტის გაზრდას გულისხმობს.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კომიტეტის წევრებმა მინისტრს გამჭვირვალობისათვის მადლობა გადაუხადეს და იმედი გამოთქვეს, რომ სამინისტრო დევნილებზე ორიენტირებულ საქმიანობას, მომავალშიც გააგრძელებს.
საარქივო საქმის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგ-სემინარი გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება არქივის სამმართველომ 30-31 ოქტომბერს, სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში, საარქივო საქმისა და საქმისწარმოების მიმართულებით მომუშავე თანამშრომლებისთვის გეგმური ტრენინგ-სემინარი ჩაატარა.
სემინარის მიზანი აფხაზეთის ა/რ საარქივო ფონდის ფორმირებისა და დაკომპლექტების ხარისხის გაუმჯობესება, ასევე თანამშრომელთა თეორიული და პრაქტიკული უნარების გაძლიერება იყო.
მონაწილეებმა ორი დღის განმავლობაში საარქივო საქმის ზოგად კურსზე, ფონდის შექმნის სპეციფიკასა და საქმისწარმოების თანამედროვე სტანდარტებზე, მათ შორის საარქივო სფეროში საკანონმდებლო სიახლეებზე მიიღეს ინფორმაცია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო აცხადებს კონკურსს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრების შესარჩევად.
ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნის მიზანია სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა, მათ წინაშე არსებული საჭიროებების იდენტიფიცირება და შემდგომში შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა.
პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს ერთ წელს და მის განსახორციელებლად შეირჩევა ცხრა მონაწილე. საბჭოში საქმიანობა არ ითვალისწინებს შრომით ანაზღაურებას.
კონკურსი ითვალისწინებს ორ ეტაპს: პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა, მეორე ეტაპი - პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.
ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრების შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით:
  • ასაკი 18-დან 30 წლამდე
  • სამოტივაციო წერილი (სადაც აღნიშნული იქნება კანდიდატის საბჭოში გაწევრიანების მიზანი და ხედვა; მისი უნარ-ჩვევები, რომელიც გააძლიერებს საბჭოს მუშაობას; სავარაუდო შედეგი, რაც საბჭოს საქმიანობაში მისი ჩართულობით მიიღება)
  • სასურველია კონკურსანტს ჰქონდეს მსგავს პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება
განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2025 წლის 27 ნოემბერი.
სარეგისტრაციო ბმული:
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
 justice@abkhazia.gov.ge
 ცხელი ხაზი: 143
 გისურვებთ წარმატებებს!
აფხაზეთის ა/რ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ორგანიზებით, დღეს წმინდა გიორგის სახელობის ილორის საკვირაო სკოლის დევნილ მოზარდებს მწერალი გურამ ოდიშარია ეწვია.
გურამ ოდიშარია დევნილ ბავშვებს წიგნიერებასა და შემოქმედებით აზროვნებაზე გაესაუბრა. შეხვედრის ფარგლებში, მწერალმა გაიხსენა აფხაზეთიც. ილაპარაკა ეპიზოდებზე საკუთარი და მეგობრების ცხოვრებიდან . ღონისძიების დასასრულს გურამ ოდიშარიამ დევნილ ახალგაზრდებს საჩუქრად ,მისივე ხელმოწერით საავტორო წიგნი, „სალამია“ გადასცა.
„განსაკუთრებული შეხვედრა გვქონდა ილორის საკვირაო სკოლის მოსწავლეებთან. აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა შეხვედრა მწერალ გურამ ოდიშარიასთან. ბატონმა გურამმა ახალგაზრდებთან ისაუბრა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, ჩვენს საერთო ტრადიციებსა და კულტურაზე“- განაცხადა აფხაზეთის ა/რ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა, ალიონა ჩხოტუამ.
ღონისძიებას აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრიც დაესწრო.
აფხაზეთი ა/რ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო საგანმანათლებლო, საინფორმაციო და სხვა ტიპის არაფორმალურ შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს.
გაგრის დაცემიდან 33 წელი გავიდა. 1992 წელს გაგრაში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა, ალიონა ჩხოტუამ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ჯინჭარაძესთან, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გახარიასთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად პატივი მიაგო.
აფხაზეთის მთავრობის წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ხაზი გაუსვეს სამშვიდობო და ქვეყნის ერთიანობის პოლიტიკის შეუქცევადობას.
მემორიალთან ასევე ვეტერანთა საქმეთა სახელწიფო სამსახურისა და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქი ინტეგრაციის მინისტრ ალიონა ჩხოტუასთან ერთად, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით წარმოდგენილ სპექტაკლს “ზღვის თეატრს” დაესწრო.
რეჟისორ ალექსანდრე ელოშვილის წარმოდგენა დევნილობაში მყოფი ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდა მსახიობების ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელთაც სურთ ქალაქში ახალი თეატრი შექმნან.
სპექტაკლს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და ეროვნული გმირების ოჯახის წევრები დაესწრნენ.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
,აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა ალიონა ჩხოტუამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის მინისტრთან ბექა ღვაჩლიანთან ერთად საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ეროვნული გმირის გენერალ-მაიორის გენო ადამიას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის საფლავები ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 32 წელი გავიდა. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 300 000-ზე მეტი კი საკუთარი სახლიდან დევნილად იქცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქი ინტეგრაციის მინისტრ ალიონა ჩხოტუასთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო.
ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ ჯვართამაღლების დღესთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა აღავლინა და აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
სამების საკათედრო ტაძარში წირვას, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები ესწრებოიდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრ ალიონა ჩხოტუასთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, ვაკის პანთეონში ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ეროვნული გმირის საფლავზე ასევე იმყოფებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ჟიული შარტავას საზოგადოების წარმომადგენლები და ჟიული შარტავას ოჯახის წევრები.
1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, გურამ გაბისკირია და რაულ ეშბა, რომლებმაც ქალაქის დატოვებაზე უარი თქვეს, მთავრობის სახლის წინ 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს, ალექსანდრე ბერულავა კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 32 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და ვეტერანებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.