მთავრობის აპარატი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით შერჩეულ ახალგაზრდებს შეხვდა.
მთავრობის თავმჯდომარემ ახალგაზრდებს სტაჟირების პროგრამაში ჩართვა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„ახალგაზრდების მოზიდვა, მათი პროფესიული განვითარება და ჩვენს სტრუქტურაში ჩართულობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სტაჟირების პროგრამაც.
დარწმუნებული ვარ, სტაჟიორები თავიანთ შესაძლებლობებს საუკეთესოდ გამოავლენენ. ეს გვაძლევს საფუძველს, რომ ჩვენი თანამშრომლობა ამ სამთვიანი პროგრამით არ დასრულდეს და სამომავლოდაც გავაგრძელოთ ურთიერთობა“, - აღნიშნა გიორგი ჯინჭარაძემ.
3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატსა და სამინისტროებში 14 ახალგაზრდა დასაქმდა, რომლებიც უწყებების საქმიანობის სპეციფიკას გაეცნობიან და პროფესიულ გამოცდილებას მიიღებენ.