აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
სიტუაციის მძევლები ანუ ყველიერის დღეების რუსულად აღნიშვნა გალის რაიონში

აფხაზური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 4-10 მარტს დიდმარხვის დაწყების წინა კვირას  გალისა და ოჩამჩირის რაიონების   „რუსული თემის“  თავმჯდომარის ალა  მოკრიცკოის ინიციატივით ქალქ გალში  ყველიერის (МАСЛЕНИЦА)  დღესასწაული ჩატარდა.

ღონისძიების ჩატარება  წინასწარ იყო დაანონსებული   აფხაზეთში გამომავალი  ინტერნეტ-გამოცემის APSNYLIFE-ს მიერ, სადაც აღნიშნული იყო, რომ აღმოსავლეთ აფხაზეთის ორ რაიონში -  გალისა და ოჩამჩირის რაიონებში „რუსული თემის“ ორგანიზებით  ტრადიციული რუსული МАСЛЕНИЦА   უნდა აღნიშნულიყო. ამ დღესასწაულის  ფარგლებში ალა მოკრიცკოი და მისი  თანამეზრეები  „2000 ბლინის გამოცხობას  და სახალხო სეირნობის მოწყობას“  გეგმავდნენ.

შემდეგში  გალის აფხაზური ადმინისტრაციის ვებგვერდზე  გამოქვეყნდა გალტვ-ს მიერ მომზადებული  ტელესიუჟეტი- „Масленица в городе Гал“,  რომელიც  გალის  რაიონში ჩატარებულ ღონისძიებას ასახავს.

სიუჟეტიდან ირკვევა, რომ  ყველიერის დღესასწაული  გალში  მართლაც რუსული ტრადიციით აღინიშნა.  კულტურის შენობის ფოიეში  დადგმულ მაგიდებზე მოთავსებული იყო რუსული ბლინებით  სავსე თეფშები, რომლებსაც ზეიმზე მოსულ  ბავშვებს სთავაზობდნენ. მსურველებს შეეძლოთ  არაჟანმოსხმული ბლინების მირთმევა, კულტურის სახლიდან ცოტა მოშორებით პარკში კი მოწყობილი იყო  ე.წ. „ საველე  სამზარეულო“ , სადაც   ჯავშანტრანსპორტიორზე გადაჯდარი რუსი სამხედროები ჩაით, ფაფითა და „პრიანიკებით“ უმასპინძლებოდნენ   ბავშვებს.

კულტურის სახლის წინ გამართული თეატრალიზებული წარმოდგენის ფარგლებში, „კლოუნის“ ფორმებში გადაცმული „რუსული თემის“ წარმომადგენლები ბავშვებს ართობდნენ. როგორც ალა მოკრიცკოი ამ სიუჟეტში  აღნიშნავს, „ზეიმი საკმაოდ საინტერესოდ ჩატარდა. მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, ბავშვები გაერთნენ და იმხიარულეს. მათთვის  გაიმართა სპორტული ღონისძებები, ინტელექტუალური თამაშობები.  ღონისძიების  ორგანიზატორები, ასევე,  ბავშვებს ესაუბრნენ ყველიერის დღეების  მნიშვნელობაზე“.

სიუჟეტში მითითებულია, რომ „მასლენიცა“ უკვე მეხუთედ იმართება გალსა და ოჩამჩირეში. წელს მასში ბავშვებთან ერთად უფროსებმაც მიიღეს მონაწილეობა და რუსული თემის მიერ მომზადებული  ბლინები  დააგემოვნეს.  რუსულ ზეიმს აყოლილი ბავშვები კი ამ დროს რუსულად კითხულობდნენ ლექსებს, რუსული გამოცანების გამოცნობასა და „ჩასტუშკების“ მღერაში  ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.

გალის რაიონში რუსული „მასლენიცის“ ჩატარება  კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ  საოკუპაციო ძალა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გალის რაიონში რუსიფიკაციის პროცესი დააჩქაროს და რაც შეიძლება სწრაფად და  „ხავერდოვნად“ მოახდინოს ამ რაიონის კულტურული ექსპანსია.

ე.წ.  „რბილი ძალის ეფექტი“, რომელსაც საოკუპაციო ძალა  გალის რაიონში  რუსული  ტრადიციული დღესასწაულების აღნიშვნისა  და ბავშვების „გახალისებისთვის“ მოწყობილი ფლეშ-მობების  სახით  იყენებს, იმ  ექსპანსიური გეგმის  შემადგენელი ნაწილია, რომელიც უკვე 25 წელია  აფხაზეთში მიმდინარეობს.

სამწუხაროდ, ჩვენ ვერაფერს ვერ ვუპირისპირებთ ამ ძალას, რადგანაც გალის რაიონში სკოლები უკვე რუსულ სწავლებაზე არის გადასული,   ქართულ ენაზე სწავლა და ლაპარაკი იკრძალება, ახალი თაობა კი, რომელიც  მშობლიური ორიენტირების გარეშე არის დარჩენილი, ღებულობს იმას,  რასაც თამაშ-თამაშით სთავაზობენ. დარწმუნებული ვართ, რომ მათ მშობლებს დიდად არ ეხალისებათ ამ „ზეიმში“ თავიანთი შვილების მონაწილეობა, მაგრამ ისინიც იძულებული არიან  ამაზე თვალი დახუჭონ, რადგანაც ყველანი- ბავშვებით დაწყებული და დიდებით დამთავრებული, სიტუაციის მძევლები არიან. იციან, რომ  ოკუპირებულ ტერიტორიაზე მათ ვერავინ დაიცავს და გამოექომაგება.

ამიტომ  მძევლად დარჩენილთ  ურჩევნიათ,  არ გააღიზიანონ რუსული თემის მიერ დადგმული  „ წარმოდგენის“ მონაწილე,  ჯავშანტრასპორტიორზე მსხდომი რუსი სამხედროები,  რომლებსაც , იმ „პრიანიკებთან“ ერთად,   მათ შვილებს რომ  აწოდებენ, (გავიხსენოთ რუსული ფიგურალური გამოთქმა- пряник и кнут)  ცხადია, მათრახიც აქვთ შენახული მათთვის, ვინც რუსულ  Масленица-ს  ზურგს შეაქცევს.

მ.მხეიძე