აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
აფხაზეთის მთავრობის განცხადება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის გასხვისებასთან დაკავშირებით. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკას დაფუძნების დღიდან, აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო მართავს და მის დაქვემდებარებაშია.

არანაირი სამართლებრივი აქტი არ არსებობს პოლიკლინიკის გასხვისებასთან დაკავშირებით და ეს საკითხი აფხაზეთის მთავრობაში არც განხილულა. პოლიკლინიკა ჩვეულ რეჟიმში, სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ აქტიურად აგრძელებს მუშაობას და პაციენტების მიღებას.

გავრცლებული ინფორმაცია არის დეზინფორმაცია და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდებოდა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას იუბილე არ არის რიგითი მოვლენა. სახელგანთქმული კლასიკოსი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟის, სამეცნიერო-ლიტერატურული სფეროს გამორჩეული მოღვაწის, დისიდენტის და პრეზიდენტის საქმენი ჯერ კიდევ შეუსწავლელია, განსაკუთრებით ახალგაზრდების მიერ.

ინფორმაცია, მეხსიერება, ლოგიკა ანალიზისათვის საჭირო საყრდენებია და ამ საყრდენების გამოყენებით, ჩვენ უნდა ვთქვათ:

დიდია მისი ღვაწლი რუსთველოლოგიის განვითარების, ქართული კულტურის, ისტორიის შესწავლის საქმეში. ზვიად გამსახურდიას ნაშრომები, მონოგრაფიები, წერილები დღევანდელ ეტაპზე უფრო საკრალურ და ღრმა დატვირთვას იძენს.

საბჭოთა სისტემაში ძნელი იყო „გეცურა“ დინების წინააღმდეგ, მაგრამ მან ეს შეძლო მერაბ კოსტავასთან, სხვა თანამოაზრეებთან ერთად და გაიმარჯვა.

ზვიად გამსახურდია 1978 წელს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ წარგენილი იყო ნობელის  მშვიდობის პრემიაზე და ეს ნიშნავს, რომ ზვიად გამსახურდია არ იყო მხოლოდ ქართული მოვლენა, მისი სულიერი, ფიზიკური თუ ინტელექტუალური დონე მსოფლიო სტანდარტებს უტოლდებოდა.

ღირს გახსენებად ზვიად გამსახურდიას და მისი თანამოაზრეების ღია ბრძოლა „საქართველოს მოამბით“, განათლების სფეროს მოსკოვის იმ ჩინოვნიკთა მიმართ, რომელთაც სასწავლო პროგრამებიდან ამოიღეს საქართველოს ისტორიის გაკვეთილები, შეფასებები და შესაბამისად აკრძალეს ატესტატებში საგნის აღნიშვნა.

ზვიად გამსახურდია მხოლოდ ერთი წელი,ერთი თვე და რამდენიმე დღე იყო  ხელმძღვანელი პირველი პირი საქართველოში, მაგრამ მოასწრო იმის გაკეთება, რასაც ათეული წლები შეალიეს და ვერ მოახერხეს თაობებმა. მან ურთულეს პოლიტიკურ ვითარებაში შეძლო რეფერენდუმის ჩატარება 1991 წლის 31 მარტს და ამ რეფერენდუმის შედეგებმა საფუძველი დაუდო 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ: დაპირისპირების, ღალატის, არასახელმწიფოებრივი, არაეროვნული აზროვნების დრო წარსულშია, ერის მსახურება კი დღევანდელობის, ერთიანი, ძლიერი საქართველოსთვის!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადება აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით

ამერიკის შეერთებული შტატები თანმიმდევრუალად ახორციელებს საქართველოს მხარდაჭერას საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, რაც ძალიან დიდი სტიმულია საქართველოსა   და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობისთვის.   აშშ-ის კონგრესს წარედგინა სირიის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუცია. რეზოლუციაში ხაზგასმულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ოკუპირებას.

საგულისხმოა, რომ პირველი ჩანაწერი აშშ-ის საკანონმდებლო აქტში 2017 წელს დაფიქსირდა, რამაც დაამტკიცა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს ტერირტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. ეს იყო პირველი უპრეცედნტო შემთხვევა, როდესაც ამ კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებდა ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, რომელმაც აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა ან მათთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. ამ ჩანაწერმა, ერთი მხრივ სერიოზულ დარტყმა მიაყენა იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც აღიარეს აფხაზეთი და სამაჩაბლო, მეორე მხრივ, იყო მკაფიო სიგნალი დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ ამერიკა არ შეეგუებოდა საქართველოსთვის წართმეული რეგიონების აღიარებას.  ახალი რეზოლუციის წარდგენა კონგრესში მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერაა საქართველოსთვის,  რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში შეერთებული შტატებისგან ტრადიციად იქცა.   მაშინ, როდესაც საქართველო საკუთარი ტერიტორიის 20%  პროცენტს ვერ აკონტროლებს, ეს რეზოლუცია  უაღრესად სასარგებლოა მისი პრესტიჟის ამაღლების,  სამომავლო განვითარებისა და წინსვლისათვის. ამერიკის კონგრესისა და ევროკავშირის  ქვეყნების მიერ  წლების მანძილზე მიღებულმა მხარდამჭერმა რეზოლუციებმა, უდიდესი როლი შეასრულა არაღიარების პოლიტიკის განხორციელების საქმეში. ცხადი მაგალითია, ვანუატუ  და ტუვალუ, რომელთაც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარება უკან გამოიხმეს საქართველოსთან დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შემდეგ. როგორც ჩანს, არც ვენესუელა იქნება გამონაკლისი, რაზეც მეტყველებს ამერიკაში საქართველოს საგარეო მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრა   ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის წარმომადგენელ კარლოს ალფრედო ვეკიოსთან. ვეკიომ განაცხადა, რომ  როდესაც  ახალი მთავრობა სრულ კონტროლს მოიპოვებს ქვეყანაში, გახსნიან ურთიერთობებს საქართველოსთან.  მანვე განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს და აღიარებენ საქართველოს, როგორც ერთადერთ ქვეყანას, რომელსაც გააჩნია იურისდიქცია აღნიშნულ ტერიტორიებზე. არსებული სიტუაცია კი ვეკიოს აზრით, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. ეს სიტყვები ყოველ  ჩვენგანს ამხნევებს და ახალი იდეების განხორციელებისკენ უბიძგებს.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია ასევე, ხაზს უსვამს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მიერ გაწეულ მნიშვნელოვან წვლილს და ევრაზიის კონტინენტზე მშვიდობის გავრცელებისა და დემოკრატიის უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს საიმედო პარტნიორობას. ნათქვამია ისიც, რომ ისინი  გმობენ რუსეთის ფედერაციის ვასალი სახელმწიფოს  – სირიის არაბული რესპუბლიკის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას. რეზოლუცია აშშ-ისა და მისი პარტნიორების მხრიდან რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ექსპანსიის აღკვეთის საჭიროებაზე ყურადღებას ამახვილებს და ამბობს, რომ რუსეთის ფედერაცია, დასავლეთისა და მისი მოკავშირეების ძალისხმევათა აღკვეთის მიზნით, გამოიყენებს არშემდგარ სახელმწიფოებს, როგორიც სირიის არაბული რესპუბლიკაა, რათა განახორციელოს მისი გეოპოლიტიკური დღის წესრიგი და მის (რუსეთის ფედერაციის) მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს შესძინოს სანდოობა. აშშ და მისი პარტნიორები საჭიროა წინ აღუდგნენ რეგიონში რუსეთის ფედერაციის ექსპანსიას.

რეზოლუციის ტექსტი ადასტურებს, რომ  რუსეთის არაერთი მცდელობის მიუხედავად, საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელობა ვერ გადალახავს არაღიარების პოლიტიკურ საზღვრებს, რაც მრავალწლიანმა  მძლავრმა საერთაშორისო მხარდაჭერამ და ერთიანობამ განაპირობა. ცხადი ხდება, რომ არაღიარების პოლიტიკა რუსეთს ჩაუვარდა, რაც მსოფლიო თანამეგობრობის დაუღალავი მუშაობის შედეგია.

რეზოლუციის ფონი გვაძლევს საშუალებას კიდევ ერთხელ გავიმეოროთ მრავალჯერ ნათქვამი. საქართველო  ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად შეეცდება   მშვიდობიანი გზებითა და მეთოდებით გააასმაგოს მუშაობა ოკუპირებული რეგიონების პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოებასთან, საბოლოო მიზნის განხორციელებისათვის.   ნდობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების  აღდგენის გზაზე,  საერთო ენის გამონახვით, ყველამ  ერთად უნდა შევძლოთ ერთიანი საქართველოს ფარგლებში, მშვიდობიანი თანაცხოვრების გაგრძელება.