რუსლან აბაშიძე ქობულეთში სკოლა-ბანაკის დახურვის ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, ქობულეთში, ონლაინ საკვირაო სკოლის საზაფხულო ბანაკის დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ.

აფხაზეთის სკოლა-ბანაკი მრავალფეროვანი გასართობი, ინტელექტუალური და შემეცნებითი აქტივობებით გამოირჩეოდა, რომელიც აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს „აფხაზეთის ონლაინ საკვირაო სკოლის“ ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით შეიქმნა.

ონლაინ საკვირაო სკოლის ფარგლებში, საგნობრივი კომპეტენციების ამაღლების მიზნით, მოსწავლეებს სემინარებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენაში, ხელოვნებასა და სხვა საგნებში მასწავლებლის სახლის წამყვანი სპეციალისტები უტარებდნენ.

კურსის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებისთვის მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები გაიმართა. მოეწყო საბუნებისმეტყველო STEM კლუბი „ჩხირკედელას“ მასტერკლასები.  მოსწავლეებმა შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, პეტრას ციხე-ქალაქი და რეგიონის სხვა ისტორიული და ტურისტული ადგილები მოინახულეს - დაესწრნენ ფეხბურთის მატჩს და რამდენიმე სპორტული აქტივობა თავადაც გამართეს.

პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა, ბანაკში მიღებული გამოცდილების ფარგლებში, სხვადასხვა საინტერესო თემატიკაზე მომზადებული ვიდეორგოლები და ნამუშევრები წარმოადგინეს.

ბანაკის დახურვის ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

„აფხაზეთის ონლაინ საკვირაო სკოლა“, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა და მასში აფხაზეთის საჯარო სკოლების წარმატებული და სოციალურად დაუცველი 80 მოსწავლე მონაწილეობდა.