რუსლან აბაშიძე საბერძნეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია საბერძნეთის რესპუბლიკის ქალაქ სალონიკში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის მიერ შემუშავებულ, დიასპორისა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებსა და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების გზების ძიების პროცესებში დევნილი ემიგრანტების ჩართულობა, ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაცია, დიალოგის ხელშეწყობა და შერიგების მხარდაჭერა მთავრობისა და მინისტრის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

აღსანიშნავია, რომ სალონიკში მცხოვრები დევნილი ემიგრანტებისთვის, ემიგრაციაში მოღვაწე დიდი ქართველი დიპლომატისა და ხელოვანის გიორგი აფხაზის შემოქმედების ვირტუალური გამოფენა გაიმართა.

შეხვედრას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილეები გიორგი გაბედავა, მარინე გითოლენდია და სალონიკში საქართველოს გენერალური კონსული ნოდარ კომახიძე ესწრებოდნენ.