აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსლან აბაშიძე მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ღონისძიება სახელწოდებით „ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობაში“ გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, რომელმაც  საქართველოსთვის მშვიდობის საერთაშორისო დღისა და მშვიდობის დამყარების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების უკიდურესი გამოწვევების ფონზე, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მიმართულ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევაზე, ასევე შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ამოცანებზე ისაუბრა. თეა ახვლედიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის გაძლიერების საჭიროებაზე, რაც სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთ გაცხადებულ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, ასევე საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩი ჰაიდი გრაუ და გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი. დამსწრე საზოგადოებას დისტანციურად ასევე სიტყვით მიმართა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ და მშვიდობის მშენებლობის საკითხებში როზმარი დიკარლომ.

ღონისძიების ფარგლებში, თეა ახვლედიანმა დააჯილდოვა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაწესებული ყოველწლიური „მშვიდობის ჯილდოს ახალგაზრდებისთვის“ პირველი გამარჯვებული ნიკა ბაძაღუა, რომელსაც გადაეცა ფულადი პრიზი 3 000 ლარის ოდენობით. შესარჩევი კონკურსის მონაწილე ახალგაზრდებს საკუთარი გზავნილით ასევე მიმართა საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა საბინ მახლმა.

მშვიდობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა და ახალგაზრდებმა.