თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში „აფხაზური ეზოს“ პრეზენტაცია გაიმართა

თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეთნოგრაფიულ მუზეუმში „აფხაზური ეზოს“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ეთნოგრაფიული პერფორმანსი აფხაზური ყოფა-ცხოვრების, ოჯახური რიტუალებისა და სუფრის ტრადიციების შესახებ, ელარჯის მასტერკლასი. გამოფენილი იყო აფხაზური ტრადიციული სამოსი. მოეწყო აფხაზეთის მეწარმეთა პროდუქციის, ხელნაკეთი ნივთებისა და ქსოვილების გამოფენა და მასტერკლასები კალიგრაფიაში.

ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „აფხაზეთი“ და გოგონათა ფოლკლორული ანსამბლის „გუმბათი“ მონაწილეობით შესრულდა აფხაზური და ქართული ფოლკლორული ნაწარმოებები.

პრეზენტაციის ბოლოს, დიდ სცენაზე, ეთნოგრაფიული მუზეუმის ამფითეატრში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთთან“ არსებული ბავშვთა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის პირველი გამოსვლა გაიმართა. დღესვე, ბავშვთა ანსამბლს აფხაზეთის ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფის, „სუხიშვილების“ ანსამბლის სოლისტის კანდიდ თარბას სახელი მიენიჭა.

„აფხაზური ეზოს“ პრეზენტაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა.