რუსლან აბაშიძე აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის  განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან ერთად,  აფხაზეთიდან დევნილ უმაღლეს  საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე 2022-2023 სასწავლო წლისთვის ჩარიცხულ სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრაზე რუსლან აბაშიძემ და ეკა ხოფერიამ ახალგაზრდებს სწავლის პროცესში წარმატება უსურვეს. მთავრობის თავმჯდომარემ სტუდენტებს აფხაზეთის მთავრობის პროგრამები და პროექტები გააცნო, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ხელშეწყობისთვის ხორციელდება. 

შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა, სადაც მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხეს. მთავრობის წარმომადგენლებმა სტუდენტებს სწავლის პროცესში წარმოქმნილი გამოწვევების დაძლევაში სრული მზადყოფნა და მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ღონისძიებას გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.