რუსლან აბაშიძე ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, მოადგილე ანზორ მარგიანთან ერთად, ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებაზე ვეტერანებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კობა კობალაძემ, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. დეკანოზმა დავით ლონდარიძემ პატრიარქის მიმართვა წაიკითხა.

დღესვე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს ვახტანგ გორგასლის I, II და III ხარისხის ორდენები გადაეცათ.

17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. დღეისათვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ერთიან ბაზაში ვეტერანის სტატუსის მატარებელი 70 000-მდე პირია რეგისტრირებული. მათ შორის, არიან მეორე მსოფლიო ომის, 1992-93 წლების აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საომარი მოქმედებების, 2008 წლის აგვისტოს ომისა და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების (ავღანეთი, უნგრეთის) მონაწილეები.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წევრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო, დიპლომატიური კორპუსის და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.