რუსლან აბაშიძე დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაზარალებულ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად, ფოთსა და სენაკში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. მთავრობის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს დევნილთა ჩასახლების ობიექტები, რომელიც ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა და მოისმინეს მოსახლეობის წინაშე არსებული გადაუდებელი საჭიროებები. შეხვედრაზე რუსლან აბაშიძე დევნილებს იმ პროგრამებზე ესაუბრა, რომლებიც აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

დევნილთა ჩასახლების ობიექტებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, ფოთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით კვიციანი, მერის მოადგილე მამუკა პაპასქირი და სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან ელიავა იმყოფებოდნენ.

დღესვე, რუსლან აბაშიძემ, ანზორ მარგიანმა და დავით ფაცაციამ სენაკში, ხობსა და ფოთში მდებარე დევნილთა პოლიკლინიკები მოინახულეს და „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის“ (International Human Rights Commission) მხარდაჭერით გადმოცემული სათვალეები გადასცეს. აღნიშნული სათვალეები, ოფთალმოლოგის დანიშნულების შესაბამისად, რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასოდ გადაეცემათ. ღონისძიებება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.