რუსლან აბაშიძე კლიმატის ცვლილების საბჭოს მეორე სხდომას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კლიმატის ცვლილების საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა, რომელსაც მინისტრი ოთარ შამუგია ხელმძღვანელობდა. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

საბჭომ საქართველოს დაბალემისიიანი გრძელვადიანი განვითარების კონცეფციის (დეგგკ) დოკუმენტი დაამტკიცა. აღნიშნული კონცეფცია მომზადებულია საქართველოს მთავრობის მიერ, პარიზის შეთანხმების შესაბამისად, როგორც საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების გრძელვადიანი ხედვის ჩარჩო დოკუმენტი და მიზნად ისახავს 2050 წლამდე ქვეყნის დაბალემისიიანი განვითარებისთვის საჭირო ხედვისა და პრინციპების ჩამოყალიბებას.

კონცეფცია სრულ თანხვედრაშია გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციასთან, პარიზის შეთანხმებასთან, კლიმატის ნაწილში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან, ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან. კონცეფცია ასევე ითვალისწინებს სახელმწიფოს ხედვას სათბურის გაზების ეროვნული ემისიების შემცირებისა და შთანთქმის გაძლიერების კუთხით.

სხდომას საქართველოს მთავრობის წევრები და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.