აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსლან აბაშიძე მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე თბილისის საკრებულოში მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო.

ღონისძიება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ გახსნა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მშობლიური ენის საერთაშორისო დღე მიულოცა. სიტყვით გამოვიდნენ და მშობლიური ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე ლია გიგაურმა, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში 15 მეცნიერი და ხელოვანი დააჯილდოვეს.

საღამო თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთობლივი ინიციატივით გაიმართა.

მშობლიური ენის საერთაშორისო დღე იუნესკომ ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით 1999 წელს დააწესა. საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2015-2016 წლებში შესაძლებელი გახდა საქართველოს ზოგიერთ სკოლაში მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენების სწავლება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში 1978 წელს განვითარებული მოვლენების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში დედაენის დღედ 14 აპრილი გამოცხადდა.