რუხში იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი გახსნეს.

საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობა ითვალისწინებს სამართლებრივი დოკუმენტების (საჩივარი, სარჩელი, განცხადება, შუამდგომლობა, შესაგებელი და სხვ.) შედგენას და საადვოკატო მომსახურებას, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გადახდისუუნარო პირებისთვის უფასოდ, რაც თავისთავად უზრუნველყოფს აღნიშნული მოწყვლადი ჯგუფების ბენეფიციარების ხელმისაწვდომობას კონკრეტულ სერვისებზე. ნებისმიერ სამართლებრივ თემაზე უფასო კონსულტაცია შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე დისტანციურ რეჟიმში.

იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიხსნა და მისი მიზანია სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის დახმარება.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის, იურიდიული დახმარების სამსახურის, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.