აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
რუსლან აბაშიძე სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.

საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიო მუჯირთან, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან  ერთად აღავლინა.

წირვის დაწყებამდე, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა მრევლმა საქართველოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე მოისმინა.

„ქრისტე აღდგა!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, განსაკუთრებით კი ჩვენს მოსახლეობას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

დღევანდელი დღის მადლი მავსებს რწმენითა და იმედით, რომ სულიერი ამაღლების გზით ჩვენ შევძლებთ ჩვენი ძალისხმევა მივმართოთ საყოველთაო შერიგების, შენებისა და განვითარებისკენ. დარწმუნებული ვარ, საქართველო გადალახავს ყველა სიძნელეს, აფხაზეთის საზოგადოება ეთნიკურ-რელიგიური იდენტობის პატივისცემით შეძლებს საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებას და ჩვენ მშვიდობიანად გავაგრძელებთ ქვეყნის განვითარებას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს. გისურვებთ ჯანმრთელობასა და თქვენი ოჯახების კეთილდღეობას. სიკეთე და წარმატება მოეტანოს ამ დღეს ჩვენი ქვეყნისთვის,“ - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.