აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
ანზორ მარგიანმა და ნანა გაბელიამ წყალტუბოში დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე გახსნეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ წყალტუბოში დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე გახსნეს.

რეგიონებში მცხოვრებ დევნილ მოზარდთა მხარდაჭერისა და გაძლიერების მიზნით, ორი თვის განმავლობაში, 14 - 17 წლის ასაკის აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები სამოქალაქო ინტეგრაციის, კომუნიკაციის პრინციპების, ლიდერობის და გუნდური მუშაობის მიმართულებებით გადამზადდებიან. მიღებული ცოდნა და გამოცდილება მოზარდებს სწორი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება.

დღესვე, აღნიშნული პროექტის დახურვის ღონისძიება გაიმართა ხონის მუნიციპალიტეტში, სადაც ანზორ მარგიანი და ნანა გაბელია დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცის მონაწილეებს შეხვდნენ, რომლებმაც ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით გაიარეს. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს პროექტის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიებებს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა, მინისტრის აპარატის, ხონისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ქვეპროგრამის „სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა“ ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია დევნილი ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა, ფსიქოლოგიური და კეთილმოწყობილი უსაფრთხო გარემოს შექმნა, არაფორმალური განათლების მიღებისა და მულტიკულტურული საზოგადოებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, სამოქალაქო აქტიურობისათვის მოტივაციის ამაღლება, ნიჭიერი ბავშვებისა და მოზარდების გამოვლენა და მათი შემდგომი წინსვლის ხელშეწყობა.