აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
სოხუმის დრამატულ თეატრში აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელიც მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ გახსნეს. დამსწრე საზოგადოებას ასევე მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე ლია გიგაურმა.

ღონისძიების ფარგლებში, სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ძველი და ახალი თაობის წარმომადგენელთა მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. მაყურებლის წინაშე განახლებული პროგრამით ასევე აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“ წარსდგა.

აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, არტ-გალერეაში გამოფენა სახელწოდებით „კადრები აფხაზეთიდან“ მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო აფხაზეთში გადაღებული, იქ დაბადებული და მცხოვრები ცნობილი ადამიანების დღემდე უცნობი და უნიკალური ფოტომასალა.

ღონისძიებაზე ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, სოხუმის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრ „თეთრ ტალღას“ მისი დამაარსებლის, საქართველოს და აფხაზეთის სახალხო არტისტის, გიორგი რატიანის სახელი მიენიჭა. აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გააცნო.

ღონისძიებას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ვეტერანები ესწრებოდნენ.