აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
რუსლან აბაშიძე დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს დაესწრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი - „ძლიერი დიასპორა საქართველოს ერთიანობის, მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის“ გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

ფორუმის ოფიციალური ნაწილი საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გახსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ, რომელმაც ღონისძიების სტუმრებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიმართვა გააცნო.

ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა, ასევე, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დიასპორის ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემულეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველყოფას, მათ აქტიურ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და დიასპორის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას.