აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით, „ხონის მუნიციპალიტეტის დევნილთა ბიზნეს ინიციატივების - „სამკერვალო სახლისა“ და „სილამაზის სახლის“ მატერიალური მხარდაჭერის“ პროექტის მონაწილეებს საქმიანობისთვის საჭირო ინვენტარი გადაეცათ.
კონკურსში გამარჯვებულ მეწარმეებს ეკონომიკური საქმიანობისთვის საჭირო დანადგარები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ გადასცა. „სამკერვალო სახლსა“ და „სილამაზის სახლში“ აფხაზეთიდან დევნილი პირები არიან დასაქმებული.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამკერვალო საქმიანობის ხელშეწყობასთან და „სილამაზის სახლის“ მოწყობასთან დაკავშირებულ, დევნილთა ბიზნეს ინიციატივების მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას ითვალისწინებდა.