აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები მსოფლიო პატრიარქს შეხვდნენ

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი გიორგი გაბედავა ქალაქ სტამბოლში მსოფლიო პატრიარქ ბართლომე I-ს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას, საქართველოს ხელისუფლებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკასა და მიმდინარე პროცესებს.

რუსლან აბაშიძემ პატრიარქს დეტალურად გააცნო ოკუპაციასთან და ანექსიის მცდელობასთან დაკავშირებული პროცესების ნეგატიური გავლენა აფხაზეთში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე, მათ უფლებრივ მდგომარეობაზე, უკანონო დაკავებებზე, სიცოცხლის უფლების ხელყოფაზე, გადაადგილების თავისუფლებასა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვაზე.

მსოფლიო პატრიარქმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და კიდევ ერთხელ ურყევად დაადასტურა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქცია აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და დელეგაციის წევრებმა პატრიარქს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

შეხვედრას სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული ალექსანდრე ჯიშკარიანი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილე მარინე გითოლენდია და მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.