აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
რუსლან აბაშიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რობინ დანიგანს შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ აშშ-ის ელჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება გააცნო და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, ქართულ ენაზე განათლების მიღების, უკანონო დაკავებების და გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ ისაუბრა.

რუსლან აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის პრიორიტეტულ განათლებისა და ჯანდაცვის მიმართულებებზე, ასევე ნდობის აღდგენისა და შერიგების პოლიტიკაზე.  

მთავრობის თავმჯდომარემ, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად, აშშ-ის მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის ელჩს მადლობა გადაუხადა.

რობინ დანიგანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მთავრობის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

შეხვედრის მიმდინარეობისას საუბარი შეეხო კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკის საკითხებს და ამ კონტექსტში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრას პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მრჩეველი მარკ ნორდბერგი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.