აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
რუსლან აბაშიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გახსნა. მინისტრმა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების სახელმწიფო პროგრამის და მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მემორიალთან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის - 30 აგვისტოს აღნიშვნის მიზანია, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხზე საზოგადოების ყურადღების გამახვილება და ცნობიერების ამაღლება, ოჯახების თანადგომა და მათი გაუჩინარებული ახლობლების ხსოვნის უკვდავყოფა.

საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ამ დრომდე 2000-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, რომელთა მოძიება და ოჯახებისთვის დაბრუნება მიმდინარე პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.