აფხაზეთიდან დროებით დევნილი ოჯახების განსახლებისთვის ზუგდიდში ბინების მშენებლობა დაიწყო

ოკუპირებული აფხაზეთიდან დროებით დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, ზუგდიდში, 1700 ბინის მშენებლობა დაიწყო.

მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან და კომპანია „ანაგის“ გენერალურ დირექტორ ირაკლი გოგოლიშვილთან ერთად ჩაუშვა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი ესწრებოდა.

ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 7 კორპუსი აშენდება - ექვსი 12-სართულიანი და ერთი 14-სართულიანი. პროექტს კომპანია „ანაგი“ განახორციელებს, მშენებლობის ბიუჯეტი კი 191 012 850 ლარს შეადგენს.

დღესვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მდებარე რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც კლინიკაში განთავსებული ახალი სამედიცინო აღჭურვილობა დაათვალიერა.

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო რეგიონში ერთი-ერთი მძლავრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახელმწიფო კლინიკაა, რომელიც აღჭურვილია უახლესი აპარატურით და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონთან ერთად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასაც ემსახურება.