აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტს ეწვია და 9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო დევნილთა ყოფით საჭიროებებსა და არსებულ გამოწვევებს. მოსახლეობის მხრიდან განსაკუთრებით გამოიკვეთა დასაქმების ხელშეწყობის, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის, ასევე დასახლებაში არსებული საცხოვრებელი ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების მოწესრიგების საკითხები.
გიორგი ჯინჭარაძის თქმით, დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება აფხაზეთის მთავრობისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული საკითხია. ამიტომ საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ხდება ძირითადი პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება, რათა შემდეგ აფხაზეთის მთავრობის კომპეტენციის ფარგლებში, მასზე დროული და ეფექტიანი რეაგირება მოხდეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიუხედავად გარკვეული სირთულეებისა, ბოლო პერიოდში მდგომარეობა გაუმჯობესდა. სამომავლოდ დევნილთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად და ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით დაგეგმილია კონკრეტული პროექტების განხორციელება, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება კოორდინირებულად განახორციელებენ.
შეხვედრას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მანონა გეჯუა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.