2025-08-04 |
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძემ ფოთში სამედიცინო ცენტრ "დიომედის“ ფილიალი დაათვალიერა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს მასშტაბით სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ ქსელში შემავალი კლინიკების საქმიანობას ეცნობა.
მთავრობის თავმჯდომარე ამჯერად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან და ფოთის მერთან ბექა ვაჭარაძესთან ერთად ქალაქ ფოთში მდებარე სამედიცინო ცენტრ "დიომედის“ ფილიალს ესტუმრა. გიორგი ჯინჭარაძემ ადგილზე დაათვალიერა კლინიკის ინფრასტრუქტურა, გაეცნო სამედიცინო სერვისების მიმდინარეობას და პირადად შეხვდა მედპერსონალს.
"აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა დევნილებისთვის სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ჩვენი პრიორიტეტია თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბება, რაც უზრუნველყოფს ყველასთვის თანაბარ და ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას" - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
შეხვედრას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მანონა გეჯუა და სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ გენერალური დირექტორი ნათია ფარცვანია ესწრებოდნენ.