შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება სახელწოდებით „ახალგაზრდები მშვიდობისთვის“ გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გახსნეს, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას მიმართეს და სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდების განსაკუთრებულ როლზე ისაუბრეს.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაწესებული ყოველწლიური კონკურსის „მშვიდობის ჯილდოს ახალგაზრდებისთვის“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს მხარდაჭერითა და უშუალო ჩართულობით, გამარჯვებული ახალგაზრდები ქალაქ სტრასბურგში დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას.
მშვიდობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, სამთავრობო უწყებებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.