აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ინიციატივით, ცნობილი ჟურნალისტის, აფხაზეთში ქართული ტელევიზიის პირველი დირექტორის, ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.
ჟურნალისტური პრემიის 2025 წლის გამარჯვებულები სპეციალურმა საკონკურსო კომისიამ სამ კატეგორიაში გამოავლინა.
ნომინაციაში „აფხაზეთის თემაზე მომზადებული სიუჟეტი ან მულტიმედია ნამუშევარი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში“ პრემია გადაეცა თამარ ოყუჯავას, ნაშრომისთვის „აფხაზეთი ქართულ კინოში“. ნომინაციაში „საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში“ გამარჯვებული გახდა თამუნა გაზდელიანი, ნაშრომისთვის „როცა გაგრაში,ჩემს ეზოში შევდგამ ფეხს, სწორედ მაშინ დასრულდება დევნილობა“, ხოლო ნომინაციაში „ჟურნალისტური საქმიანობისთვის“ პრემია შუქრი დგებუაძემ დაიმსახურა.
პრემიის გამარჯვებულები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ელისო ხუტკუბიამ დააჯილდოვეს.
ღონისძებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ალექსანდრე ბერულავა აფხაზეთში ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო და მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში. ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდა პრესაში. იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს პრესსამსახურის უფროსი.
ალექსანდრე ბერულავა სოხუმის დაცემის დღეს აფხაზმა სეპარატისტებმა და ჩრდილოკავკასიელმა დაქირავებულმა მებრძოლებმა ჟიული შარტავასთან და მინისტრთა საბჭოს წევრებთან ერთად დახვრიტეს.
ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემიის დაჯილდოება ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანია მედიაში აფხაზეთის თემის პოპულარიზაცია.
