სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე გურამ ოდიშარიას სცენარით შექმნილი სპექტაკლი „სასწაულის მოლოდინში“ დაიდგა.
საპრემიერო წარმოდგენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად დაესწრო.
„ეს სპექტაკლი კიდევ ერთხელ აღწერს და ადასტურებს იმას, რომ ქართულ-აფხაზური კულტურა არის ერთიანი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და მჯერა, რომ ის ერთობა და ურთიერთპატივისცემა, რაც წლების მანძილზე იყო ქართველებსა და აფხაზებს შორის აუცილებლად მშვიდობით იქნება მიღწეული“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
რეჟისორ გიორგი კაშიას სპექტაკლში წარმოდგენილია ორი, 80 წელს მიღწეული ქართველი და აფხაზი მეგობრის ამბავი, რომლებიც ხანგრძლივი განშორების შემდეგ კვლავ სოხუმში ხვდებიან. ისინი იხსენებენ განვლილ წლებს, ახალგაზრდობასა და კონფლიქტამდე ცხოვრებას.
სპექტაკლი წარმოადგენს ერთგვარ შემოქმედებით ზრუნვას, რომელიც მიზნად ისახავს ქართველებსა და აფხაზებს შორის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გაწყვეტილი კავშირების აღდგენას.
