გიორგი ჯინჭარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ფოცხოეწერში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.
 
შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ მათ აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილება გააცნო, რომელიც ზამთრის პერიოდში, ფოცხოეწერში მცხოვრები დევნილი ოჯახების მხარდასაჭერად, ელექტროენერგიის 500 ლარიანი ვაუჩერების დარიგებას ითვალისწინებს.
 
„დღეს ვიმყოფებოდი ფოცხოეწერში და დევნილ მოსახლეობას შევხვდი, რომლებიც მუდმივად ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვისა და ყურადღების ქვეშ არიან. თითოეულ ამ ოჯახს 500 ლარიანი ელექტროენერგიის ვაუჩერი და საახალწლო ნობათი გადავეცით. სამომავლოდ აფხაზეთის მთავრობა კიდევ მეტად გააგრძელებს ამ ოჯახების მხარდაჭერას“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
 
დღესვე მთავრობის თავმჯდომარე, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ მოწყვლადი კატეგორიის აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს ესტუმრა. გიორგი ჯინჭარაძემ მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და სადღესასწაულო ნობათები გადასცა.
 
შეხვედრებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებული დავით ვერავა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონია მონაწილეობდნენ.
 
ინიციატივის ფარგლებში, საახალწლო ნობათებს მთელი ქვეყნის მასშტაბით 2000-ზე მეტი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს.